თბილისი (სამშენებლო კომპანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).

„თბილისი“ (სააქციო საზოგადოება სამშენებლო კომპანია „თბილისი“) — დაარსდა 1966 თბილისში, როგორც საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლოსამონტაჟო ტრესტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად – სამშენებლო-სამონტაჟო ფირმა „ლეჩხუმი“; 1996 წლიდან დაერქვა სააქციო საზოგადოება სამშენებლო სამონტაჟო ტრესტი „თბილისი“, 2001 წელს კი – სააქციო საზოგადოება სამშენებლო კომპანია „თბილისი“. მისი აქციები მთლიანად კერძო მფლობელობაში იყო. კომპანიას ჰქონდა საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახური, აგრეთვე ფილიალები ბორჯომში, ხარაგაულში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში სამშენებლო და სპეციალურ სამუშაოთა წარმოებისათვის; ფლობდა სახელმწიფო ლიცენზიას ყველა სახის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების პროექტირებასა და მშენებლობაზე, მ. შ. გზებისა და ხიდების, მაგისტრალური წყალსადენებისა და გაზსადენების, ელექტროსადგურების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, საზღვაო პორტების, რკინიგზებისა და სხვ. კომპანიას გააჩნდა მძლავრი საწარმოო (რკინაბეტონის, ასფალტბეტონის, მეტალოკონსტრუქციების ქნები მათში შემავალი სამსხვრევდამხარისხებელი, ხის დამმუშავებელი, მეტალოპლასტიკისა და ალუმინის ნაწარმის დამამზადებელი წარმოებებით თბილისსა და ფოთში), მექანიზაციისა (სპეც. სამშენებლო ტექნიკა) და ავტოტრანსპორტის ბაზები, აგრეთვე დიდი სასაწყობო მეურნეობა (თბილისში, ბათუმსა და ფოთში) რკინიგზის საკუთარი ჩიხებით, რომლებიც ასრულებდნენ ნებისმიერი საპროექტოსაძიებო, სამშენებლოსამონტაჟო, სარეკონსტრუქტორო-სარემონტო, მოპირკეთების, სამხატვრო, ასფალტირების, ტერიტორიის მოწყობისა და სხვა სამუშაოებს. სამშენებლო კომპანია „თბილისს“ საქართველოში აშენებული აქვს: საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საბავშვო ბაღები, სამრეწველო, სას.სამ., ჯანმრთელობის, კულტურის, კავშირგაბმულობის, კომუნიკაციის, საოფისე და სხვა დანიშნულების ობიექტები, მ. შ. თბილისში – ლუდის ქნა „კასტელი-საქართველო“, ფეხბურთის ფედერაციის ოფისი, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, რესტორანი „მაკდონალდსი“ (კ. მარჯანიშვილის მოედანზე); მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული სომხეთის (სპიტაკი, ლენინაკანი) და დასავლეთ საქართველოს (საჩხერე, ჭიათურა) რაიონებში სამშენებლო აღდგენით სამუშაოებში. ჩვენი ქვეყნის გარეთ მას აშენებული აქვს ქ. ბუდიონოვსკში (სტავროპოლის მხარე) რესპუბლიკური საავადმყოფო, ქ. ნალჩიკში (ყაბარდო-ბალყარეთის აო) – ბ. კალმიკოვის სახელობის სანატორიუმი, მოსკოვში – საქართველოს საელჩო; იქვე აღადგინა სასტუმრო და კულტურის ცენტრი, მონაწილეობდა აგრეთვე ქრისტემაცხოვრის ტაძრის კედლების მოპირკეთებაში. 1966-2004 წლებში სამშენებლო კომპანიამ საქართველოში ააშენა 3345 ობიექტი, რომელთა საერთო ღირებულება ლარით 920 მლნ. აშშ დოლარის ეკვივალენტია. კომპანიის უცხოელი პარტნიორები იყვნენ შპს „მორისონი“ (ინგლისის სამშენებლო კომპანია) და სააქციო საზოგადოება „მოსსპეცპრომსტროი“ (რუსეთი). 2009 წლიდან კომპანია აღარ ფუნქციონირებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]