შინაარსზე გადასვლა

თბილისი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).

„თბილისი“ — ქართულენოვანი გაზეთი, გამოდიოდა თბილისში. 1958–1990 წლებში საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს, 1990–1992 წლებში კი — საქართველოს უზენაესი საბჭოს პერიოდული ბეჭდვითი ორგანო. 1992–2006 წლებში „თბილისი” დამოუკიდებელი, თავისუფალი სტატუსის მქონე გაზეთი იყო.

გაზეთ „თბილისის“ პირველი ნომერი გამოვიდა 1958 წლის 15 იანვარს. იმავე წლის ივლისამდე გაზეთს ჰქონდა რუსულენოვანი დუბლიკატი. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ნიკოლოზ ჯაში (1958–81), ოთარ იოსელიანი (1981–85), არჩილ გოგელია (1985–89), ნარგიზა მგელაძე (1989–90), ნ. ბოცვაძე (1990–92), გ. ზურაბიშვილი (1992–95), ა. ციცქიშვილი (1995–97), იოსებ ჭუმბურიძე (1997–2006). გაზეთი, თავისი არსებობის განმავლობაში აქტიურად ეხმიანებოდა თბილისის ცხოვრების სხვადასხვა საკითხებს; რეგულარულად ქვეყნდებოდა კრიტიკული წერილები სხვადასხვა პრობლემის თუ დედაქალაქსა და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული ცხოვრების შესახებ, ლიტერატურული ნაწარმოებები, სტატიები სამეცნიერო სიახლეების თაობაზე, სპორტის ახალი ამბები. XX საუკუნის 70-იან წლებში დაარსდა გაზეთის ყოველკვირეული სარეკლამო დამატება „ცნობის ფურცელი“ და მისი რუსულენოვანი დუბლიკატი „Рио“ (Реклама – информация – объявления). XX საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ განვითარებული საბაზრო ურთიერთობების პირობებში 2006 წელს გაზეთი დაიხურა.