თბილისის ჯიგრაშენის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია
თბილისის ჯიგრაშენის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია (სომხ. Ջիգրաշեն Ավետյաց եկեղեցի) — სომხური ეკლესია თბილისში. იდგა ივერიის (ყოფ. ნახშირის) და კოტე აბხაზის (ყოფ. კ. ლესელიძის) ქუჩების გადაკვეთაზე, გია აბესაძის ქუჩაზე მდგომი კათოლიკური ეკლესიის გვერდით. ეკლესიის სახელმა „ჯიგრაშენი" მრავალი თქმულება წარმოშვა.
სომხური ეკლესიისა და მისი მრევლის საშუალებით მოხდა წმინდა ხარების კათოლიკური ეკლესიის დარბევა და პატრების განდევნა თბილისიდან. 1903 წელს ზაქარია ჭიჭინაძე წერდა, რომ 1755 წელს მეფე თეიმურაზმა ეკლესია კათოლიკეებს ჩამოართვა და ქართველ მართლმადიდებლებს გადასცა, „...ხოლო შემდეგ ეს ეკკლესია ქართველებმა სომხებს მიჰყიდეს, დღეს სომხებს უპყრიათ იგი, და ამ ძველ ეკკლესიას სხვა სახელი უწოდეს... და იგი გადაკეთებულია სხვა გეგმით. ეკლესია პატრებს ვეღარ დაუბრუნდათ“. ეს ცნობა გვაფიქრებინებს, რომ კათოლიკეთა წმინდა ხარების ეკლესია სწორედ ჯიგრაშენის ეკლესიის წინამორბედია.
არსებობს სხვა მოსაზრება, რომ ჯიგრაშენის ეკლესია მის სიახლოვეს მდებარე კათოლიკეთა წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის „ჯინაზე“. „ჯიგრიანად“ აშენდა. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ჯიგრაშენის ეკლესია კათოლიკეთა ძველი ეკლესიის ანუ წმინდა ხარების ეკლესიის „ჯინაზე“ აშენდა საგულისხმოა ეკლესიის კიდევ ერთი სახელი – „შურის“ ეკლესია.
ჯიგრაშენის ეკლესიის წინამძღვარი სიმეონი 1815 წლით დათარიღებულ ბარათში გვაუწყებს უხუცესთა გადმოცემას, რომლის მიხედვითაც, მღვდლები ბარსეგი და დავითი სურბ ნშანის ეკლესიის მშენებლობისას გამოეყვნენ საეკლესიო ძმობას და დაიწყეს ახალი ეკლესიის — ჯიგრაშენის მშენებლობა. ეკლესიისათვის მიწა გამოყვეს პირგულიანების და ტერ-დანიელიანების გვარმა იგი ეკლესიის აშენების თარიღად 1654 წელს ასახელებს და აღმშენებლად ეკლესიის მომავალ წინამძღვარს ტერ-ფარსადან მოინოვს მოიხსენიებს ეკლესიის მშენებლობა 1729 წელს დამთავრებულა.
თავდაპირველად ეკლესიის „კედლები ორი ადამიანის სიმაღლეზე აღმართეს“ მაგრამ ეკლესია დიდხანს დაუმთავრებელი რჩებოდა გორელი ბეჟანბეგის მიერ გამოყოფილმა 60 თუმანმა ეკლესია გუმბათამდე მიაყვანინა. 1777 წელს თბილისში ჩამოსულმა აღა ოვანეს ამატუნმა ჩამოშლის პირას მისული ეკლესიის კედლები დაანგრევინა და ახალი ეკლესიის მშენებლობას შეუდგა.
მის მიერ დაწყებული საქმე მისმა მემკვიდრემ გააგრძელა დასავლეთ მხრიდან ეკლესია გააფართოვეს ახლად გაკეთებულ საძირკველზე. შვიდი წელი გრძელდებოდა ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 1785 წელს დამთავრდა. გუმბათთან ერთად ეკლესიის მშენებლობაზე 1700 თუმანი დაიხარჯა.
ეგნატე იოსელიანის კატალოგში ამ ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ: „ეკკლესია ზედა ღვთისმშობლის ხარებობისასა, წოდებული ჯიბრით ანუ შურით აშენებულად, გუმბათიანი, ოთხსა სვეტსა ზედა მდგომარე, წითელის აგურით და ქვით-კირით აღშენებული. კრამიტით დაბურვილი, გუმბათი აქვს ორი ერთი დიდი და მეორე მცირე ამას მცირესა გუმბათსა შინა არიან დამოკიდებულ ზარნი. საფუძველი ამისი აღშენებულ არს ტერ-ფარსიღ მოინოვისაგან, რომელიცა იყო დეკანოზი თვით იმავე ტაძრისა, და შემდგომად აღშენებულ და შესრულებულ არს ეკკლესია ესე თავადისა აკოფჯან ამატუნოვისაგან წელსა 1729-სა...“.
ჯიგრაშენის გუმბათიანი ეკლესიის ზომები ყოფილა 24.0X14.6 მეტრი, სამრეკლოთი. მისი გუმბათის სიმაღლე 22 მეტრი იყო. ძირითადი შენობის სიმაღლე 14 მეტრი, თორმეტწახმაგა გუმბათის დიამეტრი კი-8 მეტრი.
საბჭოთა პერიოდში, უყურადღებოდ მიტოვებულმა და სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებულმა ეკლესიამ კატასტროფული დეფორმაციები მიიღო 1948 წელს თბილისის აღმასკომის გადაწყვეტილებით შემუშავდა „სომხური ბაზრის“ (მაშინდელი ლესელიძის) ქუჩის გაფართოების გეგმა.
ამ პროექტის თანახმად, გადაწყდა „არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების არმქონე შენობის“ — ჯიგრაშენის ეკლესიის დანგრევა, რადგან იგი ხელს უშლიდა გზის გაფართოებას.
თბილისის ცენტრალურ არქივში დაცული საბუთების მიხედვით, ეკლესიის მრევლმა გააგზავნა თხოვნის წერილი „სახკომსაბჭოში, რათა არ დაენგრიათ ეკლესია პასუხად მიიღეს — გთხოვთ გამოუცხადოთ სომეხთა ეკლესიის „ჯიგრაშენის“ მრევლის საბჭოს, რომ მათ განცხადებაზე ეკლესიის დანგრევის შეჩერების შესახებ უარი ეთქვათ“.
ეკლესიის აფეთქების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იგი აგურ-აგურ დაშალეს. სომხური მრევლის მეშვეობით მოხერხდა ეკლესიის მორთულობის გადარჩენა. ასევე გადაარჩინეს ეკლესიის ზარი, რომელიც სურბ გევორქის კათედრალურ ეკლესიაში გადაიტანეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ნაწ. I, თბ., 2000, გვ. 302-305