თბილისის საპირველმაისო დემონსტრაცია 1901

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თბილისის საპირველმაისო დემონსტრაცია 1901 — მუშების პირველი პოლიტიკური გამოსვლა მეფის მთავრობის წინააღმდეგ თბილისში (მაშინ რუსეთის იმპერიის ნაწილი) 1901 წლის 22 აპრილს.

XX საუკუნის დასაწყისში რუსეთში სამრეწველო რაიონებში დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოც მოიცვა. სამრეწველო კრიზისმა და უმუშევრობამ მძლავრი ბიძგი მისცა მუშათა მზარდ მოძრაობას. პირველმაისობა თბილისში პირველად 1899 წელს, მეორედ 1900 წელს აღინიშნა, მაგრამ ორივე შემთხვევაში იგი მოეწყო არალეგალურად, ქალაქგარეთ. დადგა საკითხი პირველმაისობის დიდი მასშტაბითა და ლეგალურად მოწყობის შესახებ თბილისის ცენტრში. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტმა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა იოსებ სტალინი, ჩაატარა ფართო სააგიტაციო და ორგანიზატორული მუშაობა 1901 წელს საპირველმაისო დემონსტრაციის მოსაწყობად: გამოუშვა პროკლამაციები, სადაც ლაპარაკი იყო შრომის მძიმე პირობებისა და მუშათა უუფლებო მდგომარეობაზე, მუშებს განუმარტავდნენ პირველი მაისის, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესასწაულის მნიშვნელობას და მოუწოდებდნენ მონაწილეობა მიეღოთ დემონსტრაციაში.

თბილისის კომიტეტმა მაისობა 23 აპრილს დანიშნა. იგი უნდა ჩატარებულიყო შუაგულ ქალაქში, სადაც მუშებს სემინარიელები შეუერთდებოდნენ. 22 აპრილს ყოფილ „სალდათის ბაზარში“ (შემდგომდროინდელი კოლმეურნეობის და ახლანდელი ორბელიანის მოედანი) თბილისის ფაბრიკა-ქარხნების 2 ათასამდე მუშამ მოიყარა თავი. მალე პოლიციამ ბაზარს ალყა შემოარტყა. დემონსტრაცია დაიძრა, პოლიციელები და კაზაკები უიარაღო ხალხს დაერივნენ. დემონსტრაციამ გაიარა ალექსანდრეს ბაღის კუთხემდე. აქ დემონსტრანტებს ჯარმა გადაუღობა გზა და ისინიც იძულებულნი გახდნენ გაფანტულიყვნენ. პოლიციელებმა სემინარიელები ეზოში ჩაკეტეს და დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მისცეს. შეტაკების დროს 14 მუშა დაიჭრა, 30 მონაწილე დააპატიმრეს, ზოგი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაასახლეს. თბილისის საპირველმაისო დემონსტრაციას დიდი რეზონანსი ჰქონდა. რსდმპ თბილისის კომიტეტმა გამოუშვა სპეციალური პროკლამაცია „ოცდაორი აპრილი“, ფართოდ გააშუქა იგი ქართულმა არალეგალურმა გაზეთმა „ბრძოლამ“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972;
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის ნარკვევები (1883-1970), თბ., 1971;
  • საბახტარაშვილი ვ., ქსე, ტ. 4, გვ. 612, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]