თბილისის პანსიონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისში XIX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დაიწყო დახურული სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების — პანსიონების — დაარსება. აქ სწავლობდნენ და ცხოვრობდნენ წარჩინებული წოდების ახალგაზრდები. დაწესებული იყო სწავლისა და კვების მაღალი ქირა. 1820 წელს სოლოლაკში, კერძო ბინაზე, გაიხსნა პ. ახვერდოვას პანსიონი, რომელშიც პირველად 25-30 ქალიშვილი იყო, მათ შორის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილები ნინო და ეკატერინე. პანსიონში ასწავლიდნენ ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებს, არითმეტიკას, მუსიკას, ხატვას, ხელსაქმესა და ცეკვებს. 1830 წელს გაიხსნა კეთილშბილ ქალთ პანსიონი - სახელმწიფო დაწესებულება, რომლის გამგედ დაინიშნა კომერსანტ კასტელას ქვრივი მატილდა. ორი წლის შემდეგ მატილდა კასტელა შეცვალა ჯერ ე. ფელიქსმა, შემდეგ ნ. მორდვინოვამ, 1838 წელს კი -ა. პერეირამ. ეს სასწავლებელი 1840 წელს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტად გადაკეთდა. 1843 წელს გაიხსნა რაევსკის ვაჟთა პანსიონი 40-60 მოწაფისათვის და მონასტირსკაიას ქალთა პანსიონი 25-30 ქალიშვილისათვის. 1844-45 წლებში დაარსდა ჰაკეს და იანიცკის ვაჟთა ორი პანსიონი. 1845 წელს თბილისის ოთხთავე პანსიონში სწავლობდა 163 მოწაფე.1848-52 წლებში ჰაკეს პანსიონში სწავლობდა ილია ჭავჭავაძე. 1846 წელს ეს პანსიონი გადავიდა გიმნაზიის სასწავლო გეგმაზე და საშინაო სასწავლებლად იქცა. სხვა პანსიონები მუშაობდნენ დაწყებითი სკოლების სასწავლო გეგმით. 50-იან წლებში სწრაფად იზრდებოდა კერძო სკოლებისა და პანსიონების ქსელი. აღსანიშნავია 1858 წელს დაარსებული ტერ-აკოფოვის ვაჟთა პანსიონი, რომელიც 1865 წელს კერძო გიმნაზიად გადაკეთდა. 1859 წელს გაიხსნა კანონიჩის ვაჟთა პანსიონი, რომელშიც 1863 წელს სწავლობდა ალექსანდრე ყაზბეგი. 1854 წელს დაარსდა ე. ფავრის ქალთა პანსიონი, რომელშიც 47 მოსწავლე იყო, 1875 წელს ის ქალთა კერძო გიმნაზიად გადაკეთდა. მოსწავლეთა სიმრავლით გამოირჩეოდა მონასტირცევის ვაჟთა გიმნაზია-პანსიონი, მელიქ- ბეგლაროვის რეალური სასწავლებელი-პანსიონი, სერპინიეს ქალთა გიმნაზია-პანსიონი, სინიაგინის, პ. მრევლიშვილის, ი. კოსტინიჩის, მ. ნასიძის, ი. როსტომაშვილის, ი. გამყრელიძის სკოლა-პანსიონები. თბილისში ყოველ წელს ბევრი სკოლა-პანსიონი იხსნებოდა, მაგრამ ბევრიც იხურებოდა. 1801-1917 წლებში სხვადასხვა პერიოდში ქალაქში 50-ზე მეტი სკოლა-პანსიონი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]