თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო — მუშათა დეპუტატების საბჭოები რუსეთში პირველად 1905 წელს წარმოიქმნა, პირველი დემოკრატიული რევოლუციის პერიოდში. საქართველოში ანალოგიური ორგანიზაციების როლს ასრულებდნენ საგაფიცვო კომიტეტები ან ბიუროები, რომლებიც შეიქმნა 1905 წელს ხაშურში, ჭიათურაში, ქუთაისში, სამტრედიაში, ბათუმში, თბილისში და სხვა. ამავე წლის დეკემბერში შეიქმნა ამიერკავკასიის საგაფიცვო ბიურო.

რუსეთის მონარქიის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 4 მარტს შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო, რომელმაც აირჩია დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი. მასში უმთავრესად სოციალ-დემოკრატები შედიოდნენ, თავმჯდომარეც კავკასიელი და ქართველი სოციალ-დემოკრატების აღიარებული ლიდერი ნოე ჟორდანია გახდა. საბჭო წარმოადგენდა საქართველოს რევოლუციური ხელისუფლების ორგანოს. ქალაქისა და ქვეყნის ნორმალური წარმართვისათვის საბჭოსთან ჩამოყალიბდა კომისიები: სასურსათო, საფინანსო, საგამომძიებლო, სასოფლო, სამხედრო, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და სხვა. თბილისის მუშათა საბჭო ხელმძღვანელობდა საქართველოს სხვა ქალაქებში შექმნილ საბჭოების მუშაობას. იმავე წლის 6 მარტს შეიქმნა თბილისის ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოც, რომლის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ჯარისკაცი ვერეშჩაკი. თბილისის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭო მალე ორივე საბჭო გაერთიანდა და მათ საქმიანობას ხელმძღვანელობდა პრეზიდიუმი, რომლის თავმჯდომარეც იყო ნოე ჟორდანია. ფუნქციონირებდა აგრეთვე ორი საბჭო: ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს სამხარეო ცენტრი, რომლის თავმჯდომარე ერთხანს იყო ნოე ჟორდანია და კავკასიის რუსული არმიის ჯარისკაცთა დეპუტატების სამხარეო საბჭო (თავმჯდომარე დიმიტრი დონსკოი).

კავკასიიდან და საქართველოდან რუსული ჯარების გასვლის შემდეგ ჯარისკაცთა საბჭოებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს. 1918 წლის 24 მაისს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მოხსენება წაიკითხა ნოე ჟორდანიამ და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი დასვა. ნოე ჟორდანიას მოგონებით, თბილისისა და რაიონების მუშათა წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭომ ფუნქციონირება შეწყვიტა და ადგილი დაუთმო სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 184-185.