თბილისის კათოლიკური საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის კათოლიკური საკათედრო ტაძარი — ყოფილი კათოლიკური ეკლესია თბილისში. ტაძრის მშენებლობა დადგინდა ტფილისის ეპარქიის კოლეგიუმის გადაწყვეტილებით: „ტფილისში აიგოს საკათედრო ტაძარი, საეპისკოპოსო ეკლესია და ეწოდოს ტფილისის საეპისკოპოსო ეკლესია“. თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა აშენდა 1329 წელს, რომელმაც იარსება 1507 წლამდე. მას თანმიმდევრობით 14 ეპისკოპოსი მართავდა და უკანასკნელი დაინიშნა 1505 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპისკოპოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1329 წელს თბილისის ლათინური წესის საეპისკოპოს სამღვდელმთავრო კათედრის პირველ ეპისკოპოსად, დომინიკეთა ორდენის წევრი, ფლორენციელი იოანე როგსანელი ინიშნება. მან 30 წელი იცხოვრა საქართველოში და რამდენიმე წიგნი თარგმნა ლათინურიდან ქართულად. მეორე ეპისკოპოსად რომის პაპი კლემენტი VI ნიშნავს ბერნარდო კოლეტს, რომელმაც 7 წელი იმსახურა საქართველოში, ხოლო შემდეგ მის ადგილს იკავებს ბერნარდო პაგეზი რომელსაც აღწერდნენ როგორც „დიდად განსწავლული დომინიკელი“. მოგვიანებით იგი კლემენტ VI-ის ბრძანებით გადააყენეს და მის ადგილზე განაწესეს ეპისკოპოსი ჰენრი რაცი, რომელიც მეოთხე ეპისკოპოსი გახლდათ, მაგრამ მალევე ბერნარდო პაგეზმა მოახერხა თავისი თანამდებობის დაბრუნება და 1387 წლამდე, გარდაცვალებამდე, იმსახურა. სამწუხაროდ ყველა ეპისკოპოსის სახელი უცნობია.

ცნობები ამ საკათედრო ტაძრის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლ. იოსელიანი აღნიშნავს, რომ კათედრა მდებარეობდა „გარშემო ხარების ყოფილი ეკლესიისა, დღევანდელი კათოლიკეთა ეკლესიის მოპირდაპირედ, ქუჩის გადაღმად“. აქ ხარების ეკლესიაში იგულისხმება კათოლიკეების ძველი ეკლესია, რომელიც დღევანდელი გ. აბესაძის ქ. № 13 სახლის ადგილას იდგა, ხოლო „დღევანდელში“ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. (პლ. იოსელიანი ამ ცნობის წყაროს არ უთითებს; საფიქრელია რომ ის ეყრდნობა ზეპირ გადმოცემას)

ზაქარია ჭიჭინაძე, რომელიც კათოლიკეთა საქართველოში შემოსვლის თარიღად შეცდომით XII საუკუნეს მიიჩნევს და ეკლესიის აშენებასაც ამავე პერიოდს უკავშირებს, ამბობს, რომ

ვიკიციტატა
„კათოლიკეების ეკლესია მდებარეობდა ჯვარის მამის ეკლესიის მახლობლად, ცოტა ზემოთ სოლოლაკის მხრით, სადაც დღეს აღარაფერი ჩანს და იქ სახლებია გაკეთებული.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქუთათელაძე მ., კათოლიკობა საქართველოში ლათინური წესი, საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, თბ., 2019, გვ. 16-26
  • ნაცვლიშვილი ნ., თბილისის კათოლიკური საკათედრო ტაძარი, კათოლიკური ეკლესიები საქართველოში: ისტორია და არქიტექტურა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბ., 2019, გვ. 12-16