თბილისის თათბირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის თათბირი — 1722 წლის ივლის-აგვისტოში ვახტანგ IV-მ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის სტრატეგიული კურსის გადასაწყვეტად თათბირი მოიწვია. XVIII საუკუნის I მეოთხედში სამი დიდი სახელმწიფოს — რუსეთის, ოსმალეთისა და სპარსეთის პოლიტიკური და ეკონონომიკური ინტერესები ერთმანეთს ამიერკავკასიაში შეეჯახა, სადაც ერთადერთ რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ ძალას ქართლის სამეფო წარმოადგენდა.

1722 წელს 15 ივნისს პეტრე I-მა სპარსეთში ლაშქრობის მანიფესტი გამოაქვეყნა. იმავე წლის ივლისში ვახტანგ VI-ს პეტრე I-ის ელჩი ეწვია, კონკრეტული ინსტრუქციებით. ქართლის მეფეზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა, ირანის შაჰი ჰუსეინი, რომელიც ავღანელებთან ბრძოლაში დახმარებას საჭიროებდა.

ვახტანგ VI წინასწარვე პრო-რუსულად იყო განწყობილი, თუმცა ასეთ რთულ სიტუაციაში ქვეყნის თავკაცებთან და თათბირისა და მათი დასტურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ სურდა. თბილისში შემდგარი ამ მნიშვნელოვანი თათბირის შესახებ ცნობები დავით გურამიშვილის „დავითიანში“ არის დაცული. დასახელებული წყაროს ცნობით რუსეთის მხარეზე გამოსვლის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის მწვავე თათბირი გამართულა. სომხური წყაროების მოწმობით თათბირს დასწრებია იმ დროს თბილისში მყოფი გაძასარის სომეხთა კათალიკოსი ესაი ჰასან ჯალალიანცი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ვახტანგ VI რუსეთის წინადადებაზე დაეყოლიენებინა. ვახუშტის ცნობით ვახტანგ VI-მ ყველა სხვა მოსაზრება უგულვებელყო და რუსეთის შემოთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.

მოვლენები ქართლისათვის არასახარბიელოდ განვითარდა, ვახტანგ VI ქართულ-სომხური ჯარით ამაოდ ელოდა 3 თვის მანძილზე პეტრე I-ს. ამის გამო ვახტანგ VI-ს თანამედროვენი თბილისის თათბირის შედეგებს განსხვავებულად აფასებენ. ნაწილი თვლიდა რომ ქართლის მეფეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, სხვების აზრით კი მისი გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 509-510