თბილისის თავისუფალი სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის თავისუფალი სკოლა - კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში. თავისუფალი სკოლა დაფუძნდა 2017 წელს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე უნივერსიტეტისა და მისი აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით. თავისუფალი სკოლა მდებარეობს დიღომში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. სკოლის დირექტორი არის ამირან ამბროლაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი.[1]

სკოლის მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის თავისუფალი სკოლის ლოგო

დღეს საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და კვალიფიციური პროფესიონალების შესამჩნევი ნაკლებობის გათვალისწინებით, თავისუფალი სკოლის მთავარი მიზანი განათლების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაა. სკოლის განცხადებით, მას შეუძლია საკუთარ მოსწავლეებს მისცეს საუკეთესო განათლება, რაც მათ საშუალებას მისცემს სწავლა გააგრძელონ მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.[2]

სწავლება და გაძლიერებული საგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლაში სწავლების მაღალ ხარისხს სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს აკადემიური პერსონალი - მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც შეირჩევიან მრავალსაფეხურიანი გასაუბრებების შედეგად. სკოლის განცხადებით, ის ქვეყნის მხოლოდ საუკეთესო პედაგოგებთან თანამშომლობს, რასაც უზრუნველყოფს როგორც მიღების წინაპირობები (სხვადასხვა ტიპის ჩაღრმავებული ტესტირება და გასაუბრებები), ასევე პერიოდული მონიტორინგი ადმინისტრაციის მხრიდან და ღირსეული ანაზღაურება.

მოსწავლეების დაბალანსებული, სწორი და სრულფასოვანი ინტელექტურალური განვითარებისთვის სკოლაში თანაბრადაა გაძლიერებული ტექნიკური და ჰუმანიტარული მიმართულებები: მათემატიკა, პროგრამირება, ქართული ენა და ლიტერატურა და ინგლისური ენა. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საფუძვლიანად გაერკვნენ თავიანთ სიძლიერეებსა თუ სისუსტეებში, სწორად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და მიაღწიონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმს.

მოსწავლეთა მაქსიმალური სიზუსტითა და ობიექტურობით შეფასება თავისუფალი სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. ეს არ გულისხმობს დაბალი შეფასებისკენ მიდრეკილებას, ან მოტივაციის დაცემას, პირიქით - სკოლის ხედვით, ზუსტი და ობიექტური შეფასება მოსწავლესაც და მშობელსაც საშუალებას აძლევს, სწავლის ნებისმიერ მომენტში ზუსტად იცოდნენ საკუთარი აკადემიური მოსწრების დონე, რათა დროულად მოხდეს შედეგების გაუმჯობესება.[3]

სწავლების ხარისხის განვითარებასა და მოსწავლეების კარიერულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს. სკოლასთან პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ ჭრილში თანამშრომლობენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მოსწავლეებს საშუალება აქვთ, გამოიყენონ საუნივერსიტეტო კამპუსისა და უნივერსიტეტის რესურსები. მაღალ კლასებში მოსწავლეები უფრო მარტივად მიიღებენ გადაწყვეტილებას პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. სტუდენტებზე დაკვირვებით, სხვადასხვა პროფესიების გაცნობით და უნივერსიტეტთან სიახლოვით ისინი მარტივად მიხვდებიან, თუ რას წარმოადგენს ისეთი პროფესიები, რომლებთანაც შეხება არ აქვთ სასკოლო პერიოდში და რისი კეთება უნდათ სამომავლოდ.[4]

ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლა მთლიანად არის აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების სრულ კომფორტს, უსაფრთხოებასა და მაღალი დონის განათლების მიღებას. სკოლა მაქსიმალურად აღჭურვილია კამერებით. ამასთანავე, სკოლას ჰყავს წესრიგის მენეჯერებისა და ფსიქოლოგების გუნდები, რომლებიც შესაბამისად ზრუნავენ მოსწავლეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე.

თავისუფალი სკოლა მდებარეობს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორიაზე, ქალაქისგან მოშორებით ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში. მოსწავლეები დღის უმეტეს ნაწილს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ატარებენ. სკოლის გარე ინფრასტუქტურა საშუალებას აძლევს ყველა ასაკის მოსწავლეს, დასვენების დრო გაატაროს მისთვის საინტერესო და სასიამოვნო გარე აქტივობით - ამისათვის განკუთვნილია ღია და დახურული საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო სათამაშო მოედანი, გამწვანებული მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატური და ა.შ.[5]

სკოლის გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლის დამფუძნებელი და მმართველი გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება განათლების სფეროს საუკეთესო დაწესებულებებში მსოფლიოს მასშტაბით, როგორებიცაა: თავისუფალი უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალრეიტინგული ფაკულტეტის - მატემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის დაარსებისა და მართვა; სკოლის დირექტორის, MACS-ის სკოლის დეკანის, პროფესორ ამირან ამბროლაძის მრავალწლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილება შვედეთისა და ინგლისის წამყვან უნივერსიტეტებში; სკოლის დირექტორის მოადგილის, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე მოსიძის 30 წლიანი პედაგოგიური და ადმინისტრაციული საქმიანობის გამოცდილება, ESM-ის დარსების პირველივე დღიდან და სხვა.[6][7]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://free.edu.ge/შექმნის-ისტორია/
  2. https://free.edu.ge/რატომ-თავისუფალი-სკოლა/
  3. https://free.edu.ge/რატომ-თავისუფალი-სკოლა/
  4. https://free.edu.ge/სკოლა-უნი/
  5. https://free.edu.ge/ჩვენი-გუნდი/
  6. https://free.edu.ge/რატომ-თავისუფალი-სკოლა/
  7. https://free.edu.ge/ჩვენი-გუნდი/