თბილისის გეგმა (პიშჩევიჩისა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის პიშჩევიჩისეული გეგმარუსი ოფიცრისა და ტოპოგრაფის ალექსანდრე სტეფანეს ძე პიშჩევიჩის (დ. 1764 — გ. 1820) მიერ 1785 წელს შედგენილი ქალაქ თბილისის გეგმა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბული წარმოშობის რუსმა ოფიცერმა პიშჩევიჩმა ეს გეგმა გიორგიევსკის ციხე-სიმაგრეში შეადგინა საქართველოდან დაბრუნების შემდეგ და თან დაურთო განმარტებები ფრანგულ ენაზე. გეგმა ავტორის შთამომავალმა პ. ი. ბელოვენეცმა გადასცა ისტორიისა და სიძველეთა ოდესის საიმპერატორო საზოგადოებას, რომელმაც იგი 1902 წელს გამოაქვეყნა. გეგმის დედანი დაცულია მოსკოვის საისტორიო არქივში. ქართულად პირველად გამოქვეყნდა 1965 წელს, მამისა ბერძენიშვილის წიგნში „თბილისის გარეგანი სახე XVIII ს-ში“.

გეგმა უმნიშვნელოვანესი წყაროა XVIII საუკუნის თბილისის ისტორიის შესასწავლად. თბილისის გეგმათა შორის იგი მეორეა ვახუშტის 1735 წ. გეგმის შემდეგ და, ამდენად, გამოხატავს ოსმალობა-ყიზილბაშობის შედეგად დაზარალებული ქალაქის ხელახალი აღორძინების ხანას ერეკლე II-ის მეფობაში. ქრონოლოგიურად შემდეგია კაპიტან ჩუიკოს მიერ 1800 წელს შესრულებული გეგმა, რომელიც გვიჩვენებს ქალაქის მდგომარეობას უკვე აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის (1795 წ.) შემდეგ.

გეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის გეგმა, 1785 წ.

პიშჩევიჩის განმარტებით „თბილისი იყოფა სამ ნაწილად, რომელთაგან ჩრდილოეთით მდებარეს ეწოდება კალა... მეორე ნაწილი სამხრეთით მდებარეობს, ეწოდება საკუთრივ თბილისი... მესამე ნაწილი აღმოსავლეთითაა, ქალაქისგან გამოიყოფა მდინარე მტკვრით და ავლაბარი ეწოდება“. გეგმაზე დატანილია კალის (1-23), საკუთრივ თბილისის (24-64), ავლაბრისა (65-71) და გარეთუბანის (72-85) 86 დასახელება არაბული ციფრებით, რომელთა ახსნა მოცემულია ექსპლიკაციებში. გარდა ამისა, გეგმა შეიცავს წარწერებსა და გზების აღნიშვნებს.

  1. წყალთან მდებარე კარი სახელწოდებით წყლისკარი
  2. საქართველოს პატრიარქის სახლი
  3. საპატრიარქო ტაძარი
  4. ქართული ეკლესია ანჩისხატი
  5. ქართული ეკლესია წმინდა გიორგისა
  6. სამლოცველო მეფე ერეკლესი
  7. სამეფო კარი და მეფის რეზიდენცია
  8. სამეფო ოჯახის აპარტამენტები
  9. გიორგი ბატონიშვილის აპარტამენტები
  10. ღვთისმშობლის ტაძარი
  11. მეფე ერეკლეს აპარტამენტები
  12. სტამბა
  13. ქართული ეკლესია ნათლისმცემელი
  14. ცხელი აბანო, რომელიც მუშაობს ცხელი წყლით
  15. მეჩახმახეთა და ზეინკალთა დუქნები
  16. მეჩეთი
  17. მღებავთა ქუჩა
  18. ოქრომჭედელთა ქუჩა
  19. სომეხთა ეკლესია სურფნიშანი
  20. თოფხანა
  21. სომეხთა ეკლესია ჯიგრაშენი
  22. კარი, სახელით „მაღლა”, რაც ნიშნავს ზემოთ მდებარეს
  23. დიღმის კარი, სოფლის სახელის მიხედვით, რომელიც გადის რუსეთისაკენ მიმავალ დიდ გზაზე
  24. კათოლიკური ეკლესია
  25. სომხების ახალი ეკლესია
  26. მაუდით მოვაჭრეთა დუქნები
  27. რკინეულობის და აბრეშუმის დუქნები
  28. მეფეხსაცმელეთა დუქნები
  29. ქართული ეკლესია ნათლისმცემელი
  30. სიონი
  31. მეფის ქარვასლა
  32. სომეხთა ეკლესია ნორაშენი
  33. ქართული ეკლესია ჯვარისმამა
  34. მეჩეთი
  35. მექვაბეების დუქნები
  36. ქარვასლა, სადაც ჩერდებიან ვაჭრები
  37. სომეხთა ეკლესია საჰაკაშენი
  38. მეჩეთი
  39. სომეხთა ეკლესია მოღნინი
  40. თოფხანა
  41. სომხების ეკლესია კოზმანი
  42. სომხების მონასტერი
  43. სომხების ეკლესია ფეთხაინი
  44. ებრაელთა სინაგოგა
  45. სომხების ეკლესია კლდისსაყდარი
  46. თათრის ბაზარი ბოსტნეულისა და სხვადასხვა სანოვაგის
  47. ზარაფხანა
  48. მეჩეთი
  49. ჭურჭლის ქარხანა
  50. სომხების ეკლესია ციხის საყდარი
  51. საბაჟო
  52. სომხების ეკლესია
  53. საბაჟო
  54. ცხელი აბანო
  55. მეჩეთი თურქთა
  56. ციხისკარი სამოცი საჟენის სიმღლეზე, სადაც წინათ იყო სპარსეთის ხანის რეზიდენცია
  57. წყლის რეზერვუარი, სადაც წყალი გროვდება პატარა არხით, რომელიც ამავე სიმაღლეზეა და მოემართება მთიდან
  58. ქართული ეკლესია
  59. ცივი აბანო
  60. საპატიმრო
  61. განჯისკარი სპარსეთის გზისაკენ
  62. ცხელი აბანო
  63. დაბახანა
  64. წისქვილა
  65. ხის ხიდი მტკვარზე, რომელსაც ძველად კიროსს უწოდებდნენ
  66. მეტეხის ეკლესია
  67. სანოვაგის ბაზარი
  68. სახლი გიორგი ბატონიშვილისა
  69. ეკლესია
  70. წისქვილი
  71. ავლაბრის კარი, დაღესტნის დიდ გზაზე გამავალი
  72. სომეხი ბერების მონასტერი
  73. წისქვილი
  74. ვანქის სასაფლაო
  75. საასპარეზო
  76. ქართული ეკლესია ქაშუეთი
  77. ქართული ეკლესია კალოუბანი
  78. სომხების ეკლესია ქამოანთი
  79. ვერცხლისა და სხვა მინერალების სადნობი ქარხანა
  80. პატარა წისქვილები მთის კალთაზე
  81. საქართველოს მეფის ძველი რეზიდენციის ნანგრევები
  82. თათრების სასაფლაო
  83. ველი, სადაც ხალხი მიდის ქვის სამტვრევად
  84. ცივი წყარო, მინერალური
  85. სომხების მონასტერი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისის ისტორია, ტ. 1: თბილისი უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე, გვ. 317-318, 459 / [შემდგ.: გ. აფრასიძე, მ. ბადრიძე, ელ. ქაჯაია] / საქ. სსრ მეცნ. აკად., ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი ; [სარედ. კოლ.: მ. დუმბაძე (მთ. რედ.) და სხვ.] - თბ.: მეცნიერება, 1990