თბილელი მღვდელთმთავრების სია
თბილელი (ეპისკოპოსი, შემდგომ მიტროპოლიტი) — V-VI საუკუნეებიდან 1810 წლამდე არსებული ქალაქ თბილისის მღვდელთმთავრის ტიტული საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის ეპისკოპოსი V საუკუნის მიწურულს უკვე არსებობდა, რისი დასტურიცაა 506 წელს დვინში გამართულ საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შორის „საჰაკ ეპისკოპოსი ტფილისისა“-ს მოხსენიება (ეპისტოლეთა წიგნი). VII საუკუნის დამდეგს ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის მომხდარი განხეთქილების დროს ეპისტოლეთა წიგნში ქართლის კათალიკოსის კირიონის გვერდით ხშირად იხსენიება პეტრე ეპისკოპოსი, რომელიც ზაზა ალექსიძის ვარაუდით უნდა იყოს თბილისის ეპისკოპოსი. ამის შემდეგ თბილისის ეპისკოპოსს ვეღარა ვხვდებით. რაც ერთი მხრივ განპირობებული იყო, თითქმის ოთხასი წლის მანძილზე თბილისის მაჰმადიანთა ხელში ყოფნით, და მეორე, ჩვენამდე საისტორიო წყაროების მოუღწევლობით. ყოველ შემთხვევაში, VII-XII საუკუნეებში ჩვენამდე მოღწეულ ქართული თუ უცხოენოვანი საერო თუ საეკლესიო ლიტერატურა თბილისის ეპისკოპოსის შესახება არანაირ ცნობას არ იძლევა.
1259 წელსშედგენილ რკონის სიგელში, დასახელებულ მოწმეთა შორის მოხსენიებულია: „... მდაბალი გრიგოლ ტფილელი“; 1250-1260 წლებში შედგენილ შიომღვიმის სიგელში ისევ მოწმეთა შორის ვხვდებით „იოანე ტფილელი“-ს. მეტად საინტერესო ინფორმაცია მოიპოვება „განგება დარბაზობისა“-ში სადაც ნახსენებია რომ ტფილელი ეპისკოპოსი 29-ე ადგილი ეკავა სასულიერო იერარქიაში.
იყო შემთხვევები როდესაც ქართლის კათალიკოსს შეურისხავს თბილელი ეპისკოპოსი. 1427-1435 წლებში შედგენილი „ერთგულების წიგნი“ გვაუწყებს რომ:
... ესე წიგნი გკადრეთ ... თქუენ, წმიდისა მეუფეს ... ქართლისა კათალიკოზსა თეოდორეს მე, მანგლელ-თბილელ მთავარეპისკოპოზმან იოანე, მას ჟამსა ოდეს გამიწყერ და ომფორი წამიღე და მერმე კიდევ მიბოძე. და მე ესე საერთგულო წიგნი მოგახსენე: ვიყუნეთ დღეს და დღესითგან წაღმა თქუენნი ერთგულნი და ერთგულად მლოცველი მოსამსახურენი მტერთა ზედა მტერნი და მოყუარეთა ზედა მოყუარენი. ვისა გაუწყრეთ და შეაჩუენოთ, ჩუენცა შევაჩუენოთ და უჯუარო ვყუნეთ; და ვიცა თქუენ სწყალობდეთ, ჩუენცა მათნი მლოცველნი ვიყვნეთ.
აღსანიშნავია, რომ თუ ზოგადად ეპისკოპოსს საეკლესიო კრება, ანდა კათალიკოსი ირჩევდა და ნიშნავდა, თბილელობის მოშლა და ბოძება, მეფის უფლებებში შედიოდა, რამე ტუ იგი იყო სამეფო ქალაქის თბილისის ეპისკოპოსი: „... თბილელობა შეცვლილიყო და მოგეჭირვა პატრონსა წინაშე და სუკურთხეულსა მეფესა კონსტანტინეს ახლად გაეჩინა...“ საუბარია საქართველოს მეფე კონსტანტინე I-ზე და იოანე თბილელზე. თბილელობას რომ მეფე იძლეოდა, ამის დამადასტურებელია ქართლის მეფე სიმონ II-ის მიერ 1628 წელს სიონის ეპისკოპოს ელისე საგინაშვილისადმი გაცემული წყალობის წიგნი:
... ჩუენ მეფემან ... სვიმონ ესე წყალობისა წიგნი მოგახსენეთ თქუენ ეპისკოპოზს პატრონს ელისეს მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და თბილელობასა დაგვეაჯენით. ჩუენ ვიმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოგახსენეთ თბილელობა, ასრე რომე: რაც სიონთა ღვთისმშობელ ქალაქს ან ვაჭარს ჰყოლოდეს შეწირული და ან ქულბაქი, ან საბარათაშვილოში და ან ქართლში ჩვენც შეგვიწირამს უკლებად და თბილელობა თქუენთვის გვიბოძებია და რა რიგადცა ან მოქალაქესა ან თემის კაცს სხვის თბილელისათვის ემსახუროს, ისრევე თქუენ გემსახუროს და რაც სათქუენო ქულბაქი იყოს, თქუენი არს. ვისაცა გეპირიანებოდეს ათხოვეთ და აქირაეთ. ვისაც არ გეპირანებოდეს, რა რიგადცა თქუენ გეპრიანებოდეთ ისრე ჰქენით...
მანგლელ-ტფილელი ეპისკოპისები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროების მიხედვით, XV საუკუნეში ხშირად „თბილელის“ წოდებას ემატებოდა „მანგლელი“ და დედაქალაქის ეპისკოპოსი მოიხსენიება, როგორც „მანგლელ-ტფილელი“.
საისტორიო წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 506 წელს დვინში გამართულ საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის იხენიება „საჰაკ ეპისკოპოსი ტფილისისა“.
- 1440 წლის სიგელში მიწერილია — „მე თბილელი იოანე კანონითა ვამტკიცებ“.
- 1441 წლის სიგელში მიწერილია — „მოძღუარი თბილელ-მანგლელი იოვანე“.
- 1540 წლის სიგელში მიწერილია —„ტფილელ მთავარეპისკოპოზი დომენტი“.
- 1628 წლის 15 მარტის წყალობის წიგნში მიწერილია —„ეპისკოპოზს პატრონ ელისეს, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და თბილელობასა დაგვეაჯენით“.
- 1716 წლის 10 მარტის სიგელში მიწერილია —„ტფილელ მიტროპოლიტი პავლე“.
თბილელი მღვდელთმთავრების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საჰაკი (ისააკი) — V-VI სს. მიჯნა. 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილე.
- პეტრე — VI-VII სს. მიჯნა.
- ანტონი (თულასძე) — 1047 წ. (ყოფილი მანგლელი ეპისკოპოსი)
- გრიგორი I — 1258-1259 წწ.
- იოანე I — 1250-1260
- იოანე II — 1413-1422
- დავითი (მეფე ალექსანდრე I შვილი) — 1429
- გრიგორი II — 1442
- ბართლომე — 1444
- ხრისანთე — 1445
- ნიკოლოზ I — 1460
- იოანე III — 1462
- აბრამი — 1486
- სიმონი — 1507
- იოანე IV (ბარათაშვილი) — 1518
- დომენტი I — 1520-1539
- ანტონი — 1523
- იოანე V — 1541
- ბარნაბა (ფავლენიშვილი) — 1566
- დანიელი — 1577
- ტიმოთე — 1582
- ვარლამი — 1592
- იოსებ I — 1598 - 1618
- ნიკოლოზ II (ბარათაშვილი) — 1619
- დომენტი — 1620
- დიონისე — 1621
- ვარნავა — 1624-1628
- ელისე (საგინაშვილი) — 1628 წლის 15 მარტი-1670
- იოსებ II (სააკაძე) — 1662–1688
- სიმონი — 1700
- დომენტი თბილელ მიტროპოლიტი (ორბელიანი/ორბელიშვილი) — 1688
- ნიკოლოზ III — 1703
- პავლე I — 1705-1715
- არსენ I — 1713
- პავლე I — 1713-1716
- ეფრემი — 1718
- დომენტი მეორედ (ორბელიანი/ორბელიშვილი) — 1727
- იოსები — 1730
- ნიკოლოზი (ორბელიანი/ორბელიშვილი) — 1735
- ათანასე (ამილახვარი) — 1740-1752
- ქრისტეფორე (თუმანიშვილი) — 1752-1764 (მოხსენიებულია 1753 წლის სიგელში)
- მიხეილი — 1771-1776
- მიქაელი — 1780
- გერმანე — 1781
- ეფრემი — 1786
- დოსითეოსი — 1787–1795
- არსენ II — 1796-1810
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიძე თ.,„თბილელი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 112 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 2001 წელი. — გვ. 10-16