თაჯლუ ხანუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაჯლუ ხანუმი
დაბადების თარიღი 1488
არდებილი, სპარსეთი
გარდაცვალების თარიღი 1540, (51-52 წლის)
შირაზი, სპარსეთი
ეროვნება თურქმენები
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ისმაილ I, სპარსეთის შაჰი
შვილ(ებ)ი ელქას მირზა, ასტრაბადის გუბერნატორი
სამ მირზა, ხორასანის ბეგლარბეგი
ბაჰრამ მირზა, ამადანის ბელგლარბეგი
მაჰინბანუ სულთანი
პარიქსან სულთანი, შირვანის მალეიქასი
მშობლები მამა: მეჰმედ ბეი
დედა: უცნობია

თაჯლუ ხანუმი (სპარს. تاجلو خانم‎), აგრეთვე ცნობილია როგორც შაჰ-ბეგი ხანუმი (სპარს. شاه بگی خانم; დ. 1488, არდებილი, ირანი — გ. 1540, შირაზი, ირანი) — აყ-ყოიუნლუს დინასტიის წარმომადგენელი. თურქმენი პრინცესა მაუსილუს ტომიდან. აყ-ყოიუნლუს სულთან იაქუბის შვილიშვილი. სპარსეთის შაჰ ისმაილ I-ის მეორე ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაჯლუ ხანუმი დაიბადა 1488 წელს არდებილში, სპარსეთში. რამდენადაც ცნობილია, მისი დაბადების სახელი შაჰ-ბეგი იყო, რომელიც ქორწინების შემდეგ შეუცვალეს. მამამისი, მეჰმედ ბეი, იყო აყ-ყოინლუს სულთან იაქუბის უმცროსი ვაჟი და მაუსილუს ბეგლარბეგი, რომელიც აყ-ყოინლუს ძირითად ძალას წარმოადგენდა. ამის გამო, იგი დაბადებით პრინცესად ითვლება, რის გამოც მრავალ წყაროშია მოხსენიებული როგორც „დიდი სულთანი“, „დიდი ბეგუმი“ და „შაჰ სულთანი“.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, იგი 14-15 წლისა იყო, როდესაც სპარსეთის შაჰ ისმაილ I-ზე დააქორწინეს. იგი შაჰის მეორე, თუმცა საყვარელი და ყველაზე გავლენიანი ცოლი გახდა. თავად ისმაილი იყო სეფიანების დინასტიის დამაარსებელი და სეფევის ორდენის შეიხ ჰეიდარის უფროსი ვაჟი. თაჯლუ ხანუმი შაჰ ისმაილის ჰარამხანაში ჯერ კიდევ 1503 წელს მოხვდა, მათი ქორწინება კი 1504 წელს შედგა. ამის შემდეგ თაჯლუ ხანუმი ათი წელი ვაჟს ვერ აჩენდა, თუმცა კვლავ შაჰის საყვარელ ცოლად რჩებოდა.

სეფიანთა მატიანეს ჩანაწერების მიხედვით, თაჯლუ ხანუმმა დიდი როლი ითამაშა შაჰ ისმაილისა და იმ დროის ყველაზე გავლენიანი რელიგიური ფიგურის, ამირ-ხან მოსულუს შერიგების საქმეში. მიუხედავად ამისა, მათი შერიგება მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგანაც ამირ-ხანმა შაჰს უღალატა.

1514 წელს, ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანების სპარსეთს შორის გამართულ ჩალდირანის ბრძოლაში ამირ-ხანმა მხარი ოსმალებს დაუჭირა, რომლებმაც სასტიკად დაამარცხეს ირანელები და დიდი მიწები ჩამოაჭრეს. სარწმუნო წყაროების მიხედვით, ამ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა თუჯლუ ხანუმიც, რომელმაც ერთი წელი სტამბოლში, თურქების ტყვეობაში გაატარა და შაჰმა ძლივს მოახერხა მისი გამოხსნა. მიუხედავად ამისა, ბევრი ისტორიკოსი უარყოფს ამ ამბავს და მატიანეთა გამონაგონად თვლის.

სეფიანური წყაროების მიხედვით თაჯლუ ხანუმი კი ოსმალებმა კი არ დაატყვევეს, არამედ ბრძოლის შემდეგ დროებით გაუჩინარდა. სპარსელთა მტკიცებით ეს ამბავი თურქებმა გამოიგონეს თავიანთი გამარჯვების კიდევ უფრო განსადიდებლად. ირანელები ამტკიცებენ, რომ თაჯლუ ხანუმი სტამბოლში კი არ იყო დატყვევებული, არამედ ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო დროებით თავის ქალიშვილთან ერთად თავრიზში გაიქცა და იქ იმალებოდა. ასე იყო თუ ისე, იგი მალევე დაუბრუნდა შაჰს, რომელსაც 1516 წელს ვაჟი გაუჩინა.

1524 წლის 23 მაისს, ქალაქ არდებილში, 36 წლის შაჰ-ისმაილი გარდაიცვალა და ტახტი მისმა ვაჟმა, თამაზ I-მა დაიკავა. ამის შემდეგ თაჯლუ ხანუმი დიდი ერთგულებით ემსახურებოდა ახალ შაჰს. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მას თამაზის დროსაც დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკაზე, თუმცა ეს წყაროებით არ დასტურდება. თაჯლუ ხანუმი გარდაიცვალა 1540 წელს, ქალაქ შირაზში, 51-52 წლის ასაკში, თუმცა მისი გარდაცვალების თარიღიც სადავოდ რჩება.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bosworth, C. E. (1984). "ĀL-E AFRĀSĪĀB". Encyclopaedia Iranica, Vol. I, Fasc. 7. London u.a.: Routledge & Kegan Paul. pp. 742–743. Archived from the original on 2014-02-20.
  • Savory, Roger (1998). "ESMĀʿĪL I ṢAFAWĪ". Encyclopaedia Iranica, Vol. VIII, Fasc. 6. pp. 628–636.
  • Newman, Andrew J. (2008). Safavid Iran: Rebirth of a Persian Empire. I.B. Tauris. pp. 1–281. ISBN 9780857716613.