შინაარსზე გადასვლა

თაღლითობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თაღლითობაეკონომიკური დანაშაული, რომელიც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და/ან ქონებრივი უფლებების მიღებას მოტყუებით. ის მოიაზრებს დაზარალებულის ქონებრივ ზიანს. სწორედ მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი წყარო.

დანაშაული ჩადენილად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოხდება ნივთის (ქონების) მესაკუთრისა ან მფლობელისგან ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება; არ აქვს მნიშვნელობა, შეძლო თუ არა დამნაშავემ საბოლოო მიზნის მიღწევა.

თაღლითობა შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური მოტყუებით. აქტიური მოტყუებაა, როდესაც პირის შეცდება ცრუ ინფორმაციის წინასწარი შეტყობით, პასიური მოტყუება კი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის დაზარალებულისთვის შეტყობინება სავალდებულო იყო.

საქართველოს კანონმდებლობით თაღლითობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასსამოცდაათიდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: არაერთგზის, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ა.შ.[1]

ქურდობა და თაღლითობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქურდობა გულისხმობს რამე ფასეულობის მიღებას ძალისმიერი გზით. მისგან განსხვავებით, თაღლითობა მოიცავს მზაკვრული გზით მოპოვებულ მესაკუთრეობას. ეს უკანასკნელი განზრახ ჩადენილი დანაშაულია. მის განხორციელებისას აუცილებელია, რომ ჩამდენს შეგნებული ჰქონდეს ქმედების შედეგი და უნდა აცნობიერებდეს, რომ ატყუებს მესაკუთრეს [ანუ ვოლუნტატიური (ნებელობა) და კოგნიტიური (ცოდნა)-ელემენტები, ეს 2 ნიშანი მას ამოძრავებს] ან მის კანონიერ მფლობელს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთსა თუ ქონებას.

მოტყუებით დადებული გარიგება და თაღლითობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი განსხვავება ამ ქმედებებს შორის განხორციელების მიზეზია. მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, მოტყუება ხდება გარიგების დადების მიზნით, თაღლითობას კი სოციალურად უფრო მეტი საშიშროების შემცველი მიზანი აქვს. იმ შემთხვევაში, როცა პირს ტყუილით სარგებლის მიღება და მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება სურს, ესეიგი საქმე თაღლითობასთან გვაქვს, ხოლო, როცა პირის მიზანი არაა მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება და მხოლოდ სარგებლის მიღება სურს გარიგების დადებით, აქ ცალსახად მოტყუებით დადებულ გარიგებასთან გვაქვს საქმე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 180