თარგი:ახალი რჩეული 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Levan Maruashvili.jpg

ლევან მარუაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1912 — გ. 5 დეკემბერი, 1992) — ქართველი გეოგრაფი, მთამსვლელი და ჟურნალისტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს სსრ (1966) და აფხაზეთის ასსრ (1984) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1956–1992). ლევან მარუაშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969–1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975–1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973), „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“ (1985) და სხვა. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), ხოლო 1991 წელს „საქართველო ანთროპოგენში“ (რუსულ ენაზე), რომელთა მთავარი რედაქტორი და ავტორი იყო მარუაშვილი. 1982 წელს მონაწილეობდა „საქართველოს წითელი წიგნის“ შედგენაში.

ლევან მარუაშვილმა პირველმა გეოგრაფიულ ლიტერატურაში ჩამოაყალიბა ცნება კარსტოსფეროს (1973) შესახებ. მისი ხელმძღვანელობით 1960 წელს აღმოაჩინეს და პირველად 150 მ სიღრმემდე შეისწავლეს კრუბერის გამოქვაბული.

ლევან მარუაშვილი იყო კავკასიის აღიარებული მკვლევარი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 მონოგრაფიის ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, გლაციოლოგია, სპელეოლოგია, კარსტოლოგია, პალეოგეოგრაფია, მეოთხეული გეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია. მარუაშვილის ხელმძღვანელობით აღიზარდა 20-ზე მეტი გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.

2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.