თანჭუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თანჭუანი — ერთ-ერთი გამორჩეული ჩინური ელეგანტური ძირითადად მამაკაცის სამოსი, რომელიც მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თანჭუანს ხშირად ნახავთ თანამედროვე სტილით შეკერილს არაერთი ქვეყნის მაღალჩინოსნის გარდერობშიც. მათ შორის, აღსანიშნავია 2001 წლის სამიტის დროს პეკინში, ჯორჯ ბუშისა და ვლადიმერ პუტინისთვის სპეციალურად დამზადებული თანჭუანები, რომელიც დამზადებულია აბრეშუმისგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვასიტყვით თანჭუანი თანის დინასტიის ტანისამოსს ნიშნავს, თუმცა საინტერესოა, ის ფაქტი, რომ მას თანის დინასტიასთან საერთო არაფერი აქვს. აღსანიშნავია, რომ თანის დინასტიის პერიოდში სულ სხვა დიზაინის ტანისსამოსი - ჰუფუ იყო გავრცელებული. სახელი „თანჭუანიც“ ამ სახის ტანისსამოსს უცხოეთში მცხოვრებმა ჩინელმა ემიგრანტებმა მოუფიქრეს და სახელიც სწორედ მათგან დამკვიდრდა. საქმე იმაშია, რომ ემიგრანტები თავიანთ დასახლებებს „თანის დინასტიის ხალხის ქალაქს უწოდებდნენ“, ამის გამო ჩინელ ემიგრანტებს ხშირად თანელებს ეძახოდნენ, მათ ტანისსამოს კი თანის ეპოქის ტანისსამოსს. სწორედ ამიტომ არის დღეს ეს სამოსი ამ სახელით ცნობილი.

ისევე როგორც ცი ფაო, თანჭუანიც ჩინეთში მანჯურული ცინის დინასტიის მმართველობის პერიოდში წარმოიშვა. თანჭუანის წინაპრად კოსტიუმი „მაგუა“ ითვლება, რომელსაც უწინ ჩინელი თავადები იცვამდნენ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ამგვარი სამოსის ჩაცმა მხოლოდ იმპერატორის კარზე მომუშავე მაღალჩინოსნებითვის იყო ნებადართული, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის მაგუას ჩაცმა იკრძალებოდა. დროთა განმავლობაში ამ კოსტიუმმა სრულად ტრანსფორმაცია განიცადა, სახელიც შეეცვალა და დღეს უკვე მრავალ ადამიანს მისი თანამედროვე ვარიაცია აცვია. თავდაპირველ ვერსიაში ასევე გამოყენებული იყო მხრის ბალიშები უფრო ძლიერი სილუეტის შესაქმნელად.

დღეს, შესაბამისად და მკაცრად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანჭუანი სრულად გამოხატავს ჩინური კულტურის თავისებურებებს. ამ სამოსის დამზადების სპეციალური წესი არსებობს, პირველი წესი კი ქსოვილის შერჩევას ეხება, რომლისგანაც ის მზადდება, სწორედ აღნიშნულ ქსოვილს დიდი ყურადღება ეთმობა. მისი საყელო და მათ შორის სიმეტრიულად განთავსებული შესაკრავები თანის კოსტიუმის დამახასიათებელი დეტალებია. აღნიშნული სამოსის სახასიათო დეტალია, ასევე რთული და ლამაზი ნაქარგი ორნამენტები. ჩინელები, მის ყველაზე პატარა ღილის დამზადებასაც კი უდიდესი ყურადღებას უთმობენ, რადგან ისინი სწორედ, რომ თანის კოსტიუმის უნიკალურობას განაპირობებენ. ამ სამოსს, ღილების ნაცვლად დეკორატიული ნაქსოვებითაც კი ამკობენ ხშირად.

დღესდღეობით ჩინელები ამ ტანისამოსს გაზაფხულის ფესტივალისა და ქორწილების დროს იცმევენ. ჩინელების აზრით, თანის კოსტიუმი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომაც მას ჩინელ მამაკაცზე მხოლოდ ქორწილის ან რაიმე დღესასწაულის დროს თუ იხილავთ, სხვა მხრივ, მას არ იცმევენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]