თანგ თაიცუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თანგ თაიცუნგი — (დ. 28 იანვარი, 598, — გ. 10 ივლისი, 649) ჩინეთის იმპერატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანგის დინასტიის (618-907) მეორე იმპერატორი – თაიცუნგი ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად არის მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ რიგით მეორე იმპერატორი იყო, ჯერ კიდევ ძველი ისტორიკოსები მას თანგის დინასტიის თანადამაარსებელს უწოდებდნენ.

იმპერატორი თაიცუნგი, რომლის დაბადების სახელი ლი შიმინი იყო, 598 წელს, სუის დინასტიის (581-618) ზეობის დროს, თანგის თავად ლი იუენის ოჯახში დაიბადა. ლი შიმინი უფროსი ვაჟი არ იყო, მაგრამ ახალგაზრდობიდანვე ინიციატიურობით გამოირჩეოდა.

ლი შიმინი ძალიან მიზანდასახული და შეუბრალებელი პიროვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმპერიის წინაშე დიდი დამსახურება ჰქონდა, მანც არ იყო გადაწყვეტილი ტახტი ლი შიმინს დარჩებოდა თუ არა. თავისი პოზიციის დასაცავად 626 წელს მან საკუთარი ორი ძმა მოკლა, მათ შორის ერთი უფროსი ძმა, რომელიც ითვლებოდა ტახტის მთავარ მემკვიდრედ. იმპერატორი იმდენად უფრთხოდა ლი შიმინთან დაპირისპირებას, რომ არამარტო ეს ფაქტი დაუსჯელად დატოვა, ორ თვეში ტახტიც მას გადააბარა.

არც ტახტზე ასვლის შემდეგ შემცირებულა მისი ენერგია და ინტერესი სახელმწიფო საქმეებისადმი. უპირველეს ყოვლისა მისი ყურადღების საგანი გახდა თურქების საკითხი. თურქთა ხაკანატი მეექვსე საუკუნის ბოლოდან მოუშორებელი ჭირი გახდა ჩინეთისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე ორად იყო დაყოფილი, მონღოლეთიდან ცენტრალური აზიის სტეპებამდე გადაჭიმული თურქთა ხაკანატი, მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ახალ დაარსებული იმპერიისადმი. სამხედრო და დიპლომატიური ხერხებით ლი შიმინმა 628-630 წლებში აღმოსავლეთ ხაკანატი გაანეიტრალა ჩინეთის ჯარმა. მოგვიანებით კი, 40-იან წლებში დასავლეთ თურქთა ხაკანატის წინააღმდეგაც დაიწყო ბრძოლა, რომელიც საბოლოოდ მისი მემკვიდრის დროს სრული ტრიუმფით დასრულდა.

ლი შიმინი მუდმივად სახელმწიფო საქმეებში იყო ჩართული. გარდა აქტიური საგარეო პოლიტიკისა, ის ძალიან ზრუნავდა ჩვეულებრივი ხალხის ყოფაზეც. აღსანიშნავია, რომ მასში თანაბრად იყო შეზავებული ძლიერი და მზრუნველი იმპერატორის თვისებები. 634 წელს მან დაგზავნა მაღალი თანამდებობის პირები პროვინციებში ხალხის გასაჭირის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად. ამ ყველაფერმა კი შედეგი ნამდვილად გამოიღ და მან დაიწყო უფრო მეტად ზრუნვა ხალხის კეთილდღეობაზე.

649 წლის ზაფხულს, იმპერატორი ტაიცონგი მძიმედ ავად იყო - ზოგი ფიქრობდა, რომ მისი ავადმყოფობა გამოწვეული იყო ალქიმიკოსების მიერ მისთვის მიცემული აბების მიღებით.

649 წელს 51 წლის იმპერატორი გარდაიცვალა. ამ დროს თანგის დინასტია იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე მრისხანე სამხედრო ძალად იყო ჩამოყალიბებული. ლი შიმინმა კარგად ჩამოყალიბებული და აწყობილი იმპერია დაუტოვა შთამომავლობას. მის მიერ ჩაყრილი საფუძველი იმდენად მყარი იყო, რომ თანგის დინასტია მომავალი ერთი საუკუნის განმავლობაში ძლიერების ზენიტში რჩებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adshead, S. A. M. (1995) [1988], China in World History (2nd ed.), New York: Palgrave Macmillan and St. Martin's Press, ISBN 978-0-333-62132-5
  • Andrade, Tonio (2016), The Gunpowder Age: China, Military Innovation, and the Rise of the West in World History, Princeton University Press, ISBN 978-0-691-13597-7.
  • Asimov, M.S. (1998), History of civilizations of Central Asia Volume IV The age of achievement: A.D. 750 to the end of the fifteenth century Part One The historical, social and economic setting, UNESCO Publishing

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]