თამილა მგალობლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თამილა გრიგოლის ასული მგალობლიშვილი (დ. 25 იანვარი, 1944, ქუთაისი, — გ. 23 მარტი, 2018, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ქართული ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი.

1997 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის სამეცნიერო ცენტრს, რომელმაც მოაწყო სამეცნიერო ექსპედიცია ისრაელში, იორდანიასა და თურქეთში, რომლის დროსაც გამოვლინდა და აღინუსხა ქართული მონასტერები, ხელნაწერი, ეპიგრაფიკის ნიმუშები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისრაელის ექსპედიცია (17 დეკემბერი, 20011 აპრილი, 2002), რის შედეგადაც გამოვლინდა წმინდა მიწის 40-მდე ეკლესია-მონასტერი, რომელთა ნაწილი ქართველთა კუთვნილება იყო, ნაწილში კი ქართველები მოღვაწეობდნენ სხვა ეროვნების ბერ-მონაზვნებთან ერთად. ამავე ექსპედიციის დროს აღინუსხა და დაფიქსირდა 100-მდე ლაპიდარული თუ საღებავით შესრულებული ძველი ქართული წარწერა, აღმოჩნდა ქართული ხელნწერები და საეკლესიო ნივთები. მგალობლიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში. შეისწავლა და გამოაქვეყნა არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი, მ.შ. კლარჯეთის მრავალთავი. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შექმნილი საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელად. აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან; 2011 წელს სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად თამილა მგალობლიშვილმა უხელმძღვანელა ექსპედიციას ანტიოქიაში, რომლის მიზანს შეადგენდა იქ არსებული ქართული მონასტრების აღნუსხვა-დოკუმენტირება. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მათი უმეტესობა ეძღვნება საზღვარგარეთ არსებულ ქართული კულტურის ცენტრებს, იქ მოღვაწე გამოჩენილ ქართველი სასულიერო პირებს და ხელნაწერ მემკვიდრეობას.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარდაიცვალა ცნობილი მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამილა მგალობლიშვილი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. 23 მარტი, 2018.