თამარ ჩილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ ჩილაშვილი (დ. 1 მაისი, 1921, ახალციხე — გ. 1993) — ქართველი ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს დაამთავრა ახალციხის №1 საშუალო სკოლა და იქვე დაიწყო მუშაობა უფროს პიონერხელმძღვანელად. 1942 წელს მიიღეს კომუნისტური პარტიის რიგებში და გადაიყვანეს პარტიის ახალციხის რაიკომის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების ინსტრუქტორად. წლების განმავლობაში მუშაობდა ახალციხის მხარეთმცოდნის მუზეუმის დირექტორად, რაისაბჭოს აღმასკოვის მდივნად, ახალციხის საბავშვო სახლის სასწავლო ნაწილის გამგედ. 1950-1952 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონის კულტურულ-საგანმანათლებო დაწესებულებათა განყოფილების გამგედ.

1949 წლიდან გაზეთის „წითელი დროშა“ რედაქციაში მუშაობდა მდივნად, შემდეგ ლიტმუშაკად, ხოლო 1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მშრომელთა წერილების განყოფილების გამგე. თამარ ჩილაშვილს, ახალციხის რაიონული გაზეთის „წითელი დროშა“ განყოფილების გამგეს 1981 წელს მიენიჭა „საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკის“ საპატიო წოდება მასობრივი ინფორმაციის ორგანოებში ნაყოფიერი მუშაობისათვის და ბეჭვდითი სიტყვის დღესთან დაკავშირებით. დასახელებული წოდების მინიჭება დიდი სითბოთი და სიყვარულით გაითავისეს მისმა კოლეგებმა. გაზეთის „წითელი დროშა“ ფურცლებზე ვკითხულობთ: „ეს საპატიო წოდება სავსებით დროული და დამსახურებულია ჩვენი თანამშრომლისა და კოლეგისთვის. რედაქციის მუშაკთაგან გაზეთში მოღვაწეობით პატივცემული თამარი ყველაზე ხნიერი და ამასთანავე ყველაზე ახალგაზრდა თავისის გასაოცარი მეხსიერებით.“

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარ ჩილაშვილის ე.წ ჟურნალისტიკური საქმიანობა სათავეს მოსწავლეობის პერიოდიდან იღებს. თამარი როდესაც მეათე კლასში იყო, ოთხ მეგობარს: ელენე დიდიმამიშვილს, ნინო მელიქიძეს, როზა პანიატოვსკის და თვით თამარ ჩილაშვილს მოუმზადებიათ და გამოუციათ კლასის ხელნაწერი ჟურნალი, რომლის სახელწოდებაა „ახალგაზრდა ლიტერატორი“ ეს ჟურნალი კლასს და მასწავლებელ ალექსანდრე დანელიასთან ერთად დაუდგენია. მაგრამ ოთხი მეგობრის ჟურნალისთვის თვითნებურად „განთიადი“ უწოდებია და მხოლოდ ოთხი ნომრის გამოცემა მოუხერხებიათ. თამარ ჩილაშვილმა რედაქტირებაში მუშაობის დროს „გასაოცარი მეხსიერებისა და გულმოდგინების წყალობთ შეადგინა დიდტანიანი ფერადი ფოტოალბომი, ქრონოლოგიური თანმიმდევრობითა და შესაბამისი ტექსტებით, სადაც თვალსაჩინოდ არ არის ასახული გაზეთ „წითელი დროშის“ რედაქციის მრავალმხრივი მუშაობა.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყრუაშვილი ნ., განათლებისა და კულტურის კერები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხე 2018, გვ. 90-92