შინაარსზე გადასვლა

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე (დ. 8 ივნისი, 1925, თავრიზი — გ. 2001, საფრანგეთი) — ბრაზილიასა და საფრანგეთში მოღვაწე, დედით ქართველი მხატვარი, დიზაინერი, ილუსტრატორი და სცენოგრაფი.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის დედა ქართველი იყო, მამა - უნგრელი. თამარის დიდმა ბებიამ, ეროვნებით ფრანგმა, სიუზან იოანესმა (1858-1946), იქორწინა ვანო ჯორჯაძეზე. მათი ქალიშვილი ლელია (დაიბადა 1884 წელს), გიორგი ვაჩნაძეს გაჰყვა ცოლად. 1905 წელს ანტიცარისტული გამოსვლებისას ლელია მეუღლესთან ერთად კაზაკებმა მოკლეს. მათ ერთადერთი ქალიშვილი, 1903 წელს თბილისში დაბადებული სიუზანი (მოფერებით სიუზი) დარჩათ, რომელიც ფრანგმა ბებიამ სიუზან იოანესმა გაზარდა.

სიუზი ვაჩნაძე 1922 წელს ბათუმში დაქორწინდა უნგრელ ოფიცერ პეტრუს ფონ ლეტეზე (ლეტაუ). მათ ორი შვილი შეეძინათ - 1922 წელს საქართველოში დაბადებული შანდორი (ფრანგულად ჩანკო) და ირანში, ქალაქ თავრიზში დაბადებული თამარი. ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ოჯახმა საქართველო დატოვა. ჯერ ირანში ცხოვრობდნენ, ხოლო განქორწინების შემდეგ სიუზი ვაჩნაძე შვილებთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.

ცხოვრება ემიგრაციაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამ თამარი შეიყვანა ლუბოვ ეგოროვას კლასიკური ცეკვის ჯგუფში. ამასთან ერთად, იგი ბავშვობიდან სწავლობდა ხატვას, ჯირითსა და ფარიკაობას. ხატვას პარიზში მადლენ ვატიესა (Madelaine Vathier) და ბერნარ ჰიუგეს (Bernard Huguet) სახელოსნოებში ეუფლებოდა. მალე თამარი ქართული ფოლკლორული დასების ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. აქ გაიცნო ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯები, რომელიც საფრანგეთის ქართული ანსამბლების პიანისტი იყო.

1947 წელს თამარ დე ლეტე და რეჯებ ჟორდანია დაქორწინდნენ, თუმცა ეს ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ისინი ოფიციალურად 1959 წელს განქორწინდნენ.

მოღვაწეობა ბრაზილიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს თამარი დედასთან, სიუზი ვაჩნაძესთან და შვილთან ზოლტან ჟორდანიასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბრაზილიაში, სადაც თავს აფარებდა მისი მამა. მხატვარი მალევე დაინიშნა სან-პაულუს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. თამარმა სან-პაულუს თეატრში მოლიერის, ფედერიკო გარსია ლორკას, ჟან პოლ სარტრის შემოქმედების მიხედვით დადგმულ 30-ზე მეტი სპექტაკლისთვის შექმნა თეატრალური მაკეტები, დეკორაციები და კოსტიუმები.

1957 წლის 20 მაისს სან-პაულუში გაიმართა თამარის დეკორაციებისა და კოსტიუმების გამოფენა. იმავე წლის 3 აგვისტოს მის მიერ შექმნილი 22 კოსტიუმის ესკიზი გამოიფინა სან-პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მე-4 ბიენალეზე.

თამარი თანამშრომლობდა სან-პაულუს სხვადასხვა გამომცემლობასთან და წიგნის ილუსტრირებით იყო დაკავებული. მან გააფორმა მსოფლიო მითოლოგია, შარლ პეროსა და ჰანს კრისტიან ანდერსენის ნაწარმოებები.

1960 წელს თამარი თანამშრომლობას იწყებს კრისტიან დიორის მოდის სახლთან. ამის დასტურად მხატვრის არქივს 3 ესკიზი შემორჩა - ორი მათგანი ფერადია, ერთი კი კალკაზეა შესრულებული. ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რისი მიზეზიც კრისტიან დიორის ფირმაში დირექციის ცვლილება გახდა. ამას ადასტურებს თამარის არქივში შენახული 1961 წლის 8 თებერვალს უცნობი პირის მიერ გაგზავნილი ბარათი, სადაც წერია: ვწუხვარ, რომ ჩემგან მიიღეთ ნეგატიური და იმედგამაცრუებელი წერილი ცუდი სიახლეებით! როგორც ხედავთ, ჩემო პატარა თამარ, ამ შემთხვევაში არ იდგა თქვენი ნიჭიერების საკითხი, უბრალოდ Dior-ში, სადაც წინა დირექტორი ძალიან გაფასებდათ, დირექცია შეიცვალა....

1963 წელს სან-პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა თამარ დე ლეტეს ნამუშევრების რეტროსპექტივა. საფრანგეთში საბოლოო დაბრუნების წინა დღეს მას შესთავაზეს სან-პაულუს კულტურის სასახლის ბალეტის განყოფილების მმართველის თანამდებობა, თუმცა მხატვარმა ევროპაში დაბრუნება ამჯობინა.

მომავლის ძიება ამერიკის შეერთებულ შტატებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს თამარის მცირე ხნით საფრანგეთში დაბრუნდა. აქ მან მეგობრის, ცნობილ ბალერინა ჟანინ შარატის წყალობით შეხვდა გამოჩენილ ფრანგ ბალეტმაისტერსა და ქორეოგრაფს ჟან ბაბილეს, რომელიც ფრიად მოხიბლული დარჩა თამარის ცეკვის ნიჭით. ამ შეხვედრით მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ, თამარმა გადაწყვიტა საკუთარი მომავალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეძია. ნიუ-იორკში ჩავიდა და მეგობართან დაბინავდა. იგი უშედეგოდ ცდილობდა შემოქმედებითი კავშირი დაემყარებინა ჯორჯ ბალანჩინთან. თამარმა ამერიკაში სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. გადავიდა კანადაში, სადაც რთულად აღსაზრდელი ბავშვების პედაგოგად დაიწყო მუშაობა. საბოლოოდ ისევ სან-პაულუში დაბრუნდა.

დაბრუნება საფრანგეთში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთში თამარ დე ლეტე 1963 წელს დაბრუნდა. იგი ხატავდა ესკიზებს, აფორმებდა თეატრალურ დადგმებს, აწყობდა საკუთარი ნამუშევრების გამოფენებს.

1964 წელს მან ლოკრონანის რიგით მეორე ფესტივალისთვის გააფორმა სპეკტაკლ „ბრეტონული ლეგენდების“ კოსტიუმები. 1966 წელს პარიზში გააფორმა რეალმონის თეატრისთვის ხუთი სპექტაკლის კოსტიუმები: „ტერფსიქორას მკვლელები“, „ნატალი და ტაქსი-ბირდი“, „გაუბედავი“, „მეფეთა ნამცხვარი“ და „თქვენს მისასალმებლად“. 1968 წელს კომპანია „რეალმონტისთვის“ შექმნა კოსტიუმების სერია. ამავე წელს შანზ-ელიზეს თეატრში ჟანინ შარატისა და მისი ჯგუფის „Ballet de France”-სთვის შექმნა დეკორაციები და კოსტიუმები. 1972 წელს ნაციონალური ოპერის თეატრების გაერთიანებამ თამარ დე ლეტეს ბალეტ „Dyade”-სთვის კოსტიუმების მოდელები დაუკვეთა. 1979 წელს ლილის მუნიციპალური თეატრისთვის შექმნა ბალეტ „რომეო და ჯულიეტას“ დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები.

1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების ექსპოზიციები იმართებოდა საფრანგეთის პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში. საერთაშორისო არტ ფორუმებსა და ექსპოზიციებზე, სადაც მხატვარი მონაწილეობდა, მისი გვარი ყველგან დაფიქსირებულია, როგორც Thamar de Letay. ტილოებზე, ესკიზებსა თუ პირად წერილებზე ავტოგრაფს ფრანგულად ტოვებდა – TH. de. LETAY.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის არქივი საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარი თავის შემოქმედებაში ქართულ ელემენტებს ხშირად იყენებდა და მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ საკუთარ ქვეყანასთან სიახლოვე შეენარჩუნებინა. მან უარი თქვა როგორც საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ისე „საბჭოთა ლტოლვილის“ სტატუსზე. არქივში შემონახულია 1983 წლით დათარიღებული წერილი, სადაც თამარი აღნიშნავს, რომ ის საქართველოდანაა, სწორედ ამიტომაც ითხოვდა ბინადრობის დოკუმენტში ტერმინი "ქართველი ლტოლვილი" ჩაეწერათ.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა, მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს გადაეცა საქართველოს ხელოვნების სასახლეს. მისი უნიკალური მემკვიდრეობა 300-ზე მეტ ესკიზს, 30 ტილოს, 100-ზე მეტ XIX საუკუნის ფოტოს, ხელნაწერებსა და მრავალ საარქივო მასალას აერთიანებს.

ქართველი მხატვრის ნამუშევრები საფრანგეთში, ატლანტის ოკეანეს პირას გაშენებულ სოფელ ლამპოლ-პლუარზელში იყო დაცული. ზოლტან ჟორდანიას თქმით: დედა სიცოცხლის ბოლომდე იყო ქართველი და სურდა, ყველაფერი, რაც მან შექმნა, ყოფილიყო საქართველოში… მან ქართულ მხარეს დედის უკლებლივ ყველა ნამუშევარი გადასცა.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე, 2001 წელს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლოს მას ივერიის ღვთისმშობლისა და თამარ მეფის ხატები დაუხატავს საფრანგეთში ქართველთა მართლმადიდებლური მონასტრისთვის.

  • კალანდია გ., თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე = Thamar De Letay-Vachnadze. - თბილისი : შპს "სეზანი", 2023.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]