თამარი (ალექსანდრე I-ის მეუღლე)
თამარი — საქართველოს დედოფალი, მეფე ალექსანდრე I დიდის მეორე მეუღლე. თამარი იყო და დავით VI ნარინის შტოს წარმომადგენლის, იმერეთის ერისთავის დიმიტრი ალექსანდრეს ძისა.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ალექსანდრეს სიჭაბუკეშივე ჰქონდა გაგებული თამარის სილამაზე, 1414 წლის ახლო ხანებში ის ცოლად შეირთო, ხოლო თამარის ძმა დიმიტრი იმერეთის ერისთავად დასვა.[1] ალექსანდრეს და თამარს შეეძინათ დავითი (შემდეგში კათოლიკოსი დავით II), გიორგი (შემდეგში გიორგი VIII) და ზაალი. თამარი იხსნიება ალექსანდრე მეფის 1419-1442 წლებით დათარიღებულ არაერთ საბუთში.[2] შემორჩენილია დამოუკიდებლად თამარის სახელით 1433 წელს გაცემული „იაკობიძეთა სასისხლო სიგელი“, რომელშიც ის თავს „მეფეთა მეფეს“ უწოდებს. თანამედროვე მკვლევარები მას ალექსანდრე მეფის მეუღლესთან აიგივებენ,[3] თუმცა დოკუმენტის გამომქვეყნებელი სარგის კაკაბაძე ამ თამარს ჯერ იმერეთის აქამდე უცნობ მონარქად, შემდეგ ვახტანგ ალექსანდრეს ძის ცოლად თვლიდა (საკითხის შემდგომმა კვლევამ კაკაბაძის ვერსია არ დაადასტურა).[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. — გვ. 279, 805.
- ↑ პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. II, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, თბ., 1993. — გვ. 181.
- ↑ Toumanoff, Cyril (1949–51). The Fifteenth-Century Bagratids and the Institution of Collegial Sovereignty in Georgia. Traditio 7: 182.
- ↑ არახამია გ., სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის, თბ., 2017. — გვ. 100-101.