თამარის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ლაფანყურის ჩრდილოეთ-დასავლეთით 1,5-2 კილომეტრზე, მდინარე ლოპოტის ხეობაში. მდინარის ერთ-ერთ პატარა შენაკადის გონჯახევის პირას, მუნჯებად წოდებულ ადგილზე. სავარაუდოდ, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ადგილობრივი მოსახლეობა შენობის აგებას თამარ მეფეს უკავშირებს და კოშკსაც მის სახელს უწოდებს.

კოშკი გეგმით სწორკუთხაა (სიგრძე — 9 მ. სიგანე — დაახლოებით 6,5 მ.), წაგრძელებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. ნაგებია ნაეტხი ქვისა და რიყის ქვის შერეული წყობით. ძლიერ ადზიანებულია. შემორჩენილია სართულნახევრის სიმაღლეზე. კედლებიდან, მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე, მიწიდან დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლეზე მხოლოდ ჩრდილოეთისღა დგას. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ნაწილობრივაა შემორჩენილი, ხოლო სამხრეთისა მთლიანად დანგრეულია და ნანგრევებით ისე დაფარული, რომ მისი კვალიც აღარ ჩანს.

კოშკის პირველი სართული ნანგრევებითაა სავსე და მისი არქიტექტურული გადაწყვეტა არ ირკვევა. დასავლეთ კედელში მცირე, კვადრატულია (20 x 20 სანტიმეტრი ), რომელიც, როგორც ჩანს, სართულის განათებისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. კოშკის მეორე სართულის კედლებიდან არსებითად, მხოლოდ ჩრდილეთი კედელიღაა დარჩენილი - დაახლოებით 1.5 სიმაღლეზე. ამ კედლის შუა ნაწილში მცირე, სწორკუთხა ნიშაა. დასავლეთ კიდესთან კი - მცირე, გამჭოლი, კვადრატული ხვრელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]