შინაარსზე გადასვლა

თამაზ თევზაძე (არქიტექტორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ ვლადიმერის ძე თევზაძე (დ. 1 აპრილი, 1928, თბილისი, — გ. 15 ნოემბერი, 2020) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967).

1952 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი. 1953–1964 წლებში მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“, ხოლო 1964–1971 წლებში — ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში („თბილზნიეპი“). 1973–1978 წლებში მას ეკავა თბილისის მთავარი არქიტექტორის პოსტი, 1978–1987 წლებში იყო „თბილქალაქპროექტის“ დირექტორი, ხოლო 1987–2002 წლებში მუშაობდა ამავე საპროექტო ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად.

თამაზ თევზაძის ძირითადი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია თბილისში განხორციელებული პროექტები: სკოლა 880 მოსწავლეზე (ტიპობრივი პროექტი, 1954, არქიტექტორ მ. კობახიძესთან ერთად); სასტუმრო „კოლხეთი“ (1962, არქიტექტორ ნ. ჯობაძესთან ერთად); თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „ნაძალადევის“ (ყოფილი „ოქტომბერი“) მიწისზედა ნაგებობა და ქვედა ვესტიბიული (1966, არქიტექტორ რ. კიკნაძესთან ერთად, მხატვარი ნ. იგნატოვი); მეტროპოლიტენის სადგურ „300 არაგველის“ მიწისზედა ნაგებობა (1967) და კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლის არქიტექტურული ნაწილი (1983, მოქანდაკე თ. კიკალიშვილი). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]