თალთების ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თალთების ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არანისის აღმოსავლეთით, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას, თიხის კარიერის ტერიტორიაზე. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულით და ახ. წ. I-IV საუკუნეებით.

1981 წელს გათხარა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპერდიციამ. ნამოსახლარსა და სამარვანზე გათხრების დროს ქვედა ფენაში, მიწის ზედაპირიდან 2-2,5 სიღრმეზე, დაფიქსირდა შავმიწანიადაგიანი ფენა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთებით. ფენა შეიცავდა თიხის ჭურჭლის ნატეხებს და ნავისებრი ხელსაფრქვავის ფრაგმენტებს.

ზედა ტერასაზე გამოვლინდა I-II საუკუნეების ნამოსახლარის ნაშთი, რომლის გამიჯვნა სამაროვნისაგან ძნელია. სამაროვნის ტერიტორიაზე გაითხარა ალიზით ნაგები ერთი სწორკუთხა სათავსი. კედლები დაშენებული იყო რიყის ქვით ნაგებ საძირკველზე და გამაგრებული იყო მსხვილი ხის სარებით, რომელთა კვალი აღბეჭდილი იყო ხსნარით გამომწვარ ბათქაშზე. აქვე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლისა და გვერდებაკეცილი კრამიტის ნატეხები, 11 ქვევრი და ორმოები საოჯახო ნარჩენებითურთ. სამაროვანზე სამ დიდ თხრილში გამოვლინდა მცირე ჯგუფებად განლაგებული 20 სამარხი, რომელთაგან ერთი იყო ქვევრის ნატეხებით გადახურული ორმოსამარხი, ერთი-ქვევრსამარხი, დანარჩენი 18-ორმოსამარხი. სამარხები განლაგებული იყო სხვადასხვა დონეზე.

ქვედა იარუსის სამარხებში მიცვალებულები ესვენენ მკვეთრად მოხრილი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილო-დასავლეთისაკენ. სამარხეულ ინვენტარში გამოირჩევა წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭელი. ზედა იარუსის სამარხებში მიცვალებულები ისე მკვეთრად აღარ იყვნენ მოხრილი; ჭარბობდა დასავლეთისაკენ დამხრობა. ერთ შემთხვევაში მიცვალებული ზურგზე იწვა, ფეხები კი მოხრილი ჰქონდა. სამარხეული ინვენტარი შეიცავდა თიხის ხელადებს, სასმისებს, ბრინჯაოს სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს, აბზინდებსა და სხვ. არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]