თავშესაფრის უფლება
თავშესაფრის უფლება — პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობისათვის საკუთარ ქვეყანაში დევნილი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უფლება, თავი შეაფაროს სხვა სახელმწიფოს და არ იქნეს დაბრუნებული თავისსავე სახელმწიფოში ან სხვა სახელმწიფოში, რომელიც მას დევნის.
საერთაშორისო სამართალში თავშესაფრის უფლება გულისხმობს აგრეთვე სახელმწიფოს უფლებას, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს უცხოელს, რომელსაც დევნიან საკუთარ სახელმწიფოში. ეს საკითხი განმტკიცებულია საერთაშ. ორგანიზაციების შეთანხმებებით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტებით (1948, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; 1967, „დეკლარაცია ტერიტორიული თავშესაფრის შესახებ“). არ შეიძლება თავშესაფარი მიეცეთ: ა) სამხედრო დამნაშავეებს ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩამდენთ და ბ) სისხლის სამართლის დამნაშავეებს. სახელმწიფო, რომელიც ამა თუ იმ პირს პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს, მოვალეა, შეუქმნას მას უსაფრთხო ცხოვრების პირობები და არ გადასცეს იგი იმ სახელმწიფოს, რომელშიც შეიძლება მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდეს.
საერთაშორისო სამართალში ტერიტორიული თავშესაფრის უფლების გარდა არსებობს დიპლომატიური თავშესაფრის უფლება, რომელიც გულისხმობს ამა თუ იმ პირისათვის თავშესაფრის მიცემას დიპლ. წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სამხედრო-საზღვაო ან საჰაერო ხომალდზე, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.
თავშესაფრის მიცემის საკითხს ყოველი სახელმწიფო დამოუკიდებლად წყვეტს. იგი კონსტიტუციური პრინციპია (საქართველოს კონსტიტუცია, მ.47; მ.73, ქვეპუნქტი „ნ"; საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. მ. 46). საქართველოში თავშესაფრის მიცემის საკითხს წყვეტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 447.