თავფარავნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავფარავნის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკაში (თავფარავანი). ტაძარი სტილისტური ნიშნებით თარიღდება X-XI საუკუნეების მიჯნით.

ეკლესია დგას სოფელ როდიონოვკის შუაგულში. იგი დარბაზული ტიპის ეკლესიების რიგს განეკუთვნება. 2006 წლამდე ძლიერ დაზიანებული იყო. ნაგებობა შიგნიდან და გარედან შემოსილია სწორად ნაწყობი, მოვარდისფრო და ღვინისფერი სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. გეგმით სწორკუთხა ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. გრძივი კედლები სამ ნაწილად არის დანაწევრებული პილასტრების ორი წყვილით, რომელზეც ამოყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა გადამხური კამარა. ინტერიერში საკმაოდ გამოსარჩევია იმპოსტების მორთულობა. ფასადების დიდი დაუნაწევრებელი სიბრტყეები აქცენტირებულია დეკორატიული ელემენტებით. ჩრდილოეთის ფასადი სადაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთის ფასადზე ორი სარკმელია, რომლებიც სრულდება თავსართებით. სამხრეთის კარის თავზე მოთავსებული არქიტრავი მორთულია გეომეტრიული სახის ორნამენტებით შესრულებული ფიგურებით და ჯვრის გამოსახულებებით. ორნამენტებია შემონახული თავდაპირველი სახის კარნიზებისა და სარკმელების არქივოლტებზეც. ეკლესიას გააჩნია წარწერები. ერთი მათგანი იკითხება შემდეგნაირად: „ქრისტე შეიწყალე პავლე“. ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობდა 2006 წელს.

თავფარავნის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]