თავრიზის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავრიზელი აჯანყებულები

თავრიზის აჯანყება (1900-1909) — შეიარაღებული დაპირისპირება თავრიზის მოსახლეობასთან.

ირანის ძალებმა თავრიზში შექმნეს კონტრრევოლუციური ენჯუმენი და თეირანიდან გაგზავნილი ჯარის ნაწილები მიუსიეს, რათა გაენადგურებინათ იქაური ენჯუმენი, მაგრამ ეს ცდა სასტიკი მარცხით დამთავრდა. თავრიზის დემოკრატიულ მასასთან ერთად ქალაქის ენჯუმენის და რევოლუციის ძირითადი მონაპოვარის - კონსტიტუციის დასაცავად გაერთიანდა მოსახლეობა. თავრიზის მოსახლეობის ხელმძღვანელობდნენ სათარ ხანი და ბაგირ ხანი. ისინი თავიდანვე რევოლუციის აქტიური მონაწილეები იყვნენ, ამას გარდა სათარი თავრიზის ენჯუმენის წევრი და ქალაქის ფედაების რაზმების ორგანიზატორი იყო.

ოთხი თვის ბრძოლების შემდეგ, რომლის მსვლელობაში თავრიზის მრავალი ქუჩა და კვარტალი ხელიდან ხელში გადადიოდა, თავრიზის მშრომელებმა ფედაების რაზმების მეშვეობით, სათარის და ბაგირის ხელმძღვანელობით 1908 წლის ოქტომბერში ქალაქი გაწმინდეს შაჰის ჯარების და რეაქციონერების ბანდებისაგან. აჯანყებულ თავრიზელებს და მთელი ირანის აზერბაიჯანის მშრომელებს უდიდესი დახმარება აღმოუჩინეს კავკასიელმა რევოლუციონერებმა, ამერიკის ბოლშევიკურმა ორგანიზაციბმა (ბაქოს, თბილისის, განჯის). მათ გაუგზავნეს დიდძალი სააგიტაციო ლიტერატურა, ფული, იარაღი და სხვ. ბევრი რუსი, აზერბაიჯანელი, ქართველი დ სომეხი რევოლუციონერები იბრძოდნენ ფედაების რაზმებში.

შაჰის ჯარის და ქურთთა რეაქციული ბანდების განდევნის შემდე თავრიზი რევოლუციონერების ხელში გადავიდა. მათ აირჩიეს ახალი ენჯუმენი და ენერგიული ზომები მიიღეს ქალაქის გასამაგრებლად. ქალაქში შეიქმნა რევოლუციური საბჭო. ახლად არჩეულმა ენჯუმენმა დიდი მუშაობა ჩაატარა თვითმმართველობის განსამტკიცებლად, სპეკულაციასთან საბრძოლველად და მოსახლეობის სურსათით მოსამარაგებლად.

თავრიზში მტკიცედ დამკვიდრების შემდეგ აზერბაიჯანელმა რევოლუციონერებმა ფედაების რაზმების მეშვეობით დაიწყეს თავიანთი ხელისუფლების გავრცელება. მოკლე დროში ადგილობრივი მშრომელების აქტიური დახმარებით მათ დაიკავეს ქალაქები: მერაგი, მარანდი, სალმასი. მათ ფაქტობრივად თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს მთელი აზერბაიჯანი. რევოლუციური მამოძრავებელი ძალები იყვნენ მუშები, ხელოსნები, ქალაქის ღარიბი მოსახლეობა და წვრილბურჟუაზიული წრეები. რევოლუციის ძალებმა მოკლე დროში ბევრი პროგრესული ღონისძიება განახორციელეს და მშრომელთა სიყვარული და მხარდაჭერა დაიმსახურეს.

თავრიზის რეოლუციური მასის გმირულმა ბრძლამ და რევოლუციის დიდმა გაქანებამ ირანის აზერბაიჯანში შეაშფოთა მეფის რუსეთი და ინგლისი. სამხრეთ ირანში ინგლისელებმა გაგზავნეს თავიანთი ჯარები, დაიკავეს ბუშირი, ბენდერ-აბასი და სხვა დასახლებული პუნქტები. თავის მხრივ მეფის რუსეთის ჯარებმაც 1909 წლის 25 აპრილს გადალახეს საზღვარი და ოთხი დღის შემდეგ შევიდნენ თავრიზში, დაიკავეს ქალაქი და ხელი მიყვეს ფედაების განიარაღებას, რევოლუციონერთა დევნას და დატუსაღებას. განსაკუთრებით მკაცრად მოექცნენ კავკასიელ რევოლუციონერებს, რომელთა დიდი ნაწილი შეიპყრეს და რუსეთში გაგზავნეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. დონაძე, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალი ისტორია, გამომცემლობა "განათლება" თბ., 1983, გვ. 296