თავლაღის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავლაღის ეკლესიის კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელი კლდის ჩრდილო-დასავლეთით, ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი, ოთხკუთხა ნაგებობა და გალავანი. ეკლესია დარბაზულია (9 x 6,5 მეტრი), დგას ეზოს შუაგულში. ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურვა ჩანგრეულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნით - არქიტრავული. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით, დარბაზისგან პილასტრებით გამოყოფილ სწორკუთხა საკურთხეველში, გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, საკურთხევლის ჩრდილო კედელში პატარა ნიშია. საკურთხევლის კედლებს საფეხური გასდევს. შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტები. ეკლესიას სამხრეთიდან გვიანდელი მინაშენი ეკვრის, რომლის დასავლეთ ნაწილში გეგმით კვადრატული (3,2 x 3,2 მეტრი) კოშკია ჩართული. მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილი მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღის მცირე ნაწილი და ჩრდილო კედლის ნაშთი. კოშკი ოთხსართულიანია, ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. შესასვლელი პირველ სართულზე, მინაშენიდან (აღმოსავლეთიდან) აქვს. სამხრეთ კედელში მცირე ზომის თაღოვანი ნიშია. მეორე სართულზე, ჩრდილო და დასავლეთ კედლებში, თითო ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, მესამე სართულის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში - ერთი განიერი სწორკუთხა სარკმელი. მეოთხე სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილო კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ფართო და მაღალი თაღოვანი კარი. კედლებში შემორჩენილია სართულშუა ძელური გადახურვის ბუდეები. ფასადები შელესილია. კოშკი ზემოთკენ ვიწროვდება და ორფერდა სახურავი ხურავს. გალავანი წრიულია, ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით, წყობა მშრალია, შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1-1,5 მეტრს არ აღემატება. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. გალავნის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებულია ოთხკუთხა ნაგებობა, მისგან შემორჩენილია მხოლოდ კედლების მცირე ნაწილი (სიმაღლე 1-1,5 მეტრი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]