თავი ბეგარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„თავი ბეგარა“ — მიწაზე დადებული ნატურალური გადასახადის ძირითადი სახეობა ფეოდალურ საქართველოში. იგი განსაზღვრული იყო მიწის ოდენობით და გლეხების ეკონომიკური შესაძლებლობით.

„თავი ბეგარის“ რაობა და რაოდენობა თითოეული გლეხისათვის ინდივიდუალური იყო და მებეგრე გლეხის აუცილებელ გადასახადს წარმოადგენდა. იგი არ ევალებოდა მსახურთა ნაწილს და გააზატებულ გლეხებს. დასავლეთ საქართველოს საბეგრო ნუსხებში თავში დასახელებული იყო უსახელო ბეგარა. იგი შეიძლებოდა ყოფილიყო: ღორი (მოგვიანებით საკლავი, როგორც ღორი, ასევე ძროხა), ქათამი, ღვინო, ღომი, პური და სხვ. სამეგრელოში „თავი ბეგარა“ XIX საუკუნის შუა ხანებშიაც არის დადასტურებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]