თავის ქალების კოშკი
თავის ქალების კოშკი სერბ. Ћеле кула | |
---|---|
![]() ფრაგმენტი | |
| |
მდებარეობა | ნიში, სერბეთი |
მასალა | ქვა |
თარიღდება | 1809 |
თავის ქალების კოშკი, ჩელე-კულა (სერბ. Ћеле кула [tɕel̩e kula]) — ნაგებობა სერბეთის ქალაქ ნიშში. აგებულია ქვით და ფასადში ჩართული ადამიანის თავის ქალებით. ააშენეს ოსმალეთა ბატონობის ჟამს, 1809 წლის მაისში გამართული ჩეგარის ბრძოლის შემდეგ, სერბეთის პირველი აჯანყების დროს. ბრძოლისას სერბი აჯანყებულები სტევან სინჯელიჩის მეთაურობით ოსმალებმა ალყაში მოაქციეს ჩეგარის მთაზე, ქალაქ ნიშთან ახლოს. იცოდა რა, რომ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში მას და მის მებრძოლებს სარზე გასვავდნენ, სინჯელიჩმა თავის სიმაგრეში ააფეთქა დენთის საწყობი, რითაც დაიღუპა თვითონ, მისი ქვეშევრდომები და იქ შეჭრილი ოსმალი ჯარისკაცები. რუმელიის ეიალეთის ბეგლარბეგმა ჰურშიდ ფაშამ ბრძანება გასცა, რომ დაღუპული აჯანყებულების თავის ქალებისგან კოშკი აეშენებინათ. მისი სიმაღლე 4,5 მეტრია. თავდაპირველად გამოყენებული იყო 952 თავის ქალა, რომლებიც ჩართული იყო ოთხივე მხარეს 14 რიგად.
1861 წელს, მიდჰათ ფაშამ, ნიშის უკანასკნელმა ოსმალმა ბეგლარბეგმა, კოშკის დანგრევის ბრძანება გასცა. 1878 წელს ნიშიდან ოსმალთა გასვლის შემდეგ, ნაგებობა ნაწილობრივ აღადგინეს, გადახურეს ბალდახინით და რამდენიმე ამოღებული თავის ქალა უკან დააბრუნეს. 1892–1894 წლებში მის გარშემო სამლოცველო ააშენეს, რომელიც 1937 წელს განაახლეს. მომდევნო წელს დაიდგა სინჯელიჩის ბიუსტი. 1948 წელს თავის ქალის კოშკი და სამლოცველო, რომელიც მას გარს აკრავს, გამოცხადდა განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურულ ძეგლებად და მოექცა სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკის მფარველობაში. სამლოცველოს შემდგომი განახლება 1989 წელს მოხდა.
დღეისათვის 58 თავის ქალაა შემორჩენილი. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც სინჯელიჩის თავის ქალად ითვლება, ცალკე ჩასმულია მინაში. ისტორიული ძეგლი მრავალი სერბის მიერ დამოუკიდებლობის სიმბოლოდ ითვლება. პოპულარული ტურისტული სანახაობაა, რომელსაც ყოველწლიურად 30-დან 50-მდე ათასი ადამიანი სტუმრობს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
სამლოცველო, რომელიც გარს აკრავს კოშკს
-
სამხრეთი მხარე
-
ჩრდილოეთი მხარე
-
აღმოსავლეთი მხარე
-
თავის ქალა, რომელიც ითვლება სტევან სინჯელიჩისად
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Damnjanović, Nebojša; Merenik, Vladimir (2004) The First Serbian Uprising and the Restoration of the Serbian State. Belgrade, Serbia: Historical Museum of Serbia. ISBN 978-86-7025-371-1.
- Hall, Brian (1995). Impossible Country: A Journey Through the Last Days of Yugoslavia. New York City: Penguin. ISBN 978-0-14-024923-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩეგარის ბრძოლა — ნიშის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი
- ჩელა-კულა — ნიშის ეროვნული მუზეუმი