შინაარსზე გადასვლა

თავის ტვინის შუა არტერია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავის ტვინის შუა არტერია (ინგ. Middle cerebral artery (MCA)) — შიგნითა საძილე არტერიის ორად გაყოფის (ბიფურკაციის) შედეგად მიღებული არტერია, თავის ტვინის წინა არტერიასთან (ინგ. Anterior cerebral artery (ACA)) ერთად. MCA სისხლით ძირითადად ამარაგებს თავის ტვინის გარეთა (ლატერალურ) ზედაპირსა და ღრმა ბირთვებს. თავის ტვინის შუა არტერიის დაზიანებისას აღინიშნება თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი.

თავის ტვინის შუა არტერია იყოფა 4 სეგმენტად (M1-M4):

თავის ტვინის შუა არტერიის სეგმენტები.

M1 (სფენოიდური, ანუ სოლისებრი) სეგმენტი იწყება შიგნითა საძილე არტერიის ბიფურკაციიდან, მიემართება გარეთ, სოლისებრი ძვლის ქედის პარალელურად და 1 სმ-ით უკან, სილვიის ნაპრალის სოლისებრ ნაწილში/კომპარტმენტში და მთავრდება მუხლთან/გენუსთან (არტერიის მკვეთრი მოხრის ადგილას), სილვიის ნაპრალის სოლისებრი და ოპერკულოინსულარული (სახურავ-კუნძულოვანი) ნაწილების საზღვარზე. ასევე შესაძლებელია თავად M1-ის დაყოფა პრებიფურკაციულ (გაყოფამდელ) და პოსტბიფურკაციულ (გაყოფის შემდეგ) სეგმენტებად, ვინაიდან თავის ტვინის შუა არტერიის გაყოფა 90% შემთხვევაში ხდება M1 სეგმენტის მიდამოში. თუმცა, პოსტბიფურკაციული სეგმენტის შემადგენელი ღეროები თითქმის არ სცილდება ერთმანეთს არტერიის მუხლამდე. აღსანიშნავია, რომ MCA 78%-ში განიცდის ბიფურკაციას (2 ტოტად გაყოფას), 12%-ში - ტრიფურკაციას (3 ტოტად გაყოფას), ხოლო 10%-ში იყოფა 4 ან მეტ ტოტად.

M2 (ინსულური, ანუ კუნძულის) სეგმენტი იწყება არტერიის მუხლიდან და მდებარეობს ინსულაზე/კუნძულზე (თავის ტვინის ღრმად მდებარე წილი, რომელიც დაფარულია შუბლის, თხემისა და საფეთქლის წილებით), რომელსაც ამარაგებს სისხილით. გარდა ამისა, გამოეყოფა ტოტები თავის ტვინის გარეთა ზედაპირისთვის.

M3 (ოპერკულური, ანუ სახურავის) სეგმენტი იწყება კუნძულის ცირკულარულ ღართან, მიემართება შუბლის, თხემისა და საფეთქლის სახურავზე და ბოლოვდება სილვიის ნაპრალის ზედაპირზე.

M4 (კორტიკალურ ანუ ქერქულ) სეგმენტს ქმნის ტოტები, რომლებიც მიემართება თავის ტვინის გარეთა ზედაპირზე: წინა ტოტები მიემართება ვერტიკალურად ზემოთ და ქვემოთ, შუამდებარე - ირიბად უკან და უკანა ტოტები - უკან (ფაქტობრივად სილვიის ნაპრალის პარალელურად).

თავის ტვინის შუა არტერიას გამოეყოფა მრავალი ტოტი, რომელიც ამარაგებს თავის ტვინის გარეთა (ლატერალურად) ზედაპირსა და ღრმად მდებარე ბირთვებს:

თავის ტვინის ღრმა ბირთვები.

ლენტიკულოსტრიატული არტერიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენტიკულოსტრიატული (ოსპისებრ-ზოლიანი) არტერიები გამოეყოფა M1, იშვიათად - M2 სეგმენტს და იყოფა მედიალურ, შუამდებარე და ლატერალურ არტერიებად. სამივე შედის წინა დაცხრილულ ნივთიერებაში (ინგ. Anterior perforated substance (APS)) და სისხლით ამარაგებენ კუდიან ბირთვს, ჩენჩოს, შიგნითა კაფსულასა და მკრთალ სფეროს.

ქერქის ის ნაწილი, რომელსაც ამარაგებს თავის ტვინის შუა არტერია, იყოფა 12 მიდამოდ, რომელთაგან თითოეულს სისხლით ამარაგებს შესაბამისი სახელის 1 (იშვიათად 2) არტერია:

  1. ორბიტოფრონტალური
  2. პრეფრონტალური
  3. პრეცენტრალური
  4. ცენტრალური
  5. თხემის წინა
  6. თხემის უკანა
  7. ანგულარული
  8. საფეთქელ-კეფის
  9. საფეთქლის უკანა
  10. საფეთქლის შუა
  11. საფეთქლის წინა
  12. ტემპოროპოლარული (საფეთქლის პოლუსის)

ქერქის იმ არტერიას (ან არტერიებს), რომელიც გამოეყოფა MCA-ს ბიფურკაციამდე/ტრიფურკაციამდე, ეწოდება ნაადრევი ტოტი (ინგ. Early branch) და ის არის, ჩვეულებრივ, შუბლის ან საფეთქლის. შუბლის ნაადრევი ტოტი ამარაგებს ორბიტოფრონტალურ და პრეფრონტალურ მიდამოებს, ხოლო საფეთქლის ნაადრევი ტოტი - ტემპოროპოლარულ და საფეთქლის წინა.

თავის ტვინის მარჯვენა შუა არტერიის ფენესტრაცია. მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია.

ანატომიური თავისებურებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • თავის ტვინის შუა არტერიის ფენესტრაცია - სისხლძარღვის გაყოფა ორ ცალკეულ ტოტად, რის შემდეგაც ისინი კვლავ ერთდება და, შესაბამისად, წარმოიქმნება "ხვრელი" სისხლძარღვში. MCA-ს ფენესტრაცია კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა, სისხლძარღვის განტოტების ადგილას მეტია ანევრიზმის წარმოქმნის შანსი, გამომდინარე ჰემოდინამიკის ცვლილებიდან.
  • დამატებითი (აქსესორული) MCA - გამოეყოფა თავის ტვინის წინა არტერიას, თავად MCA-ს ან შიგნითა საძილე არტერიას.
  • Rhoton Jr., A. L. (2023). Rhoton's Cranial Anatomy and Surgical Approaches. Philadelphia: Lippincott Williams & Wilkins. ISBN: 9781975226879

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]