თავის ტვინის ნერვები

თავის ტვინის ნერვები (ლათ. nervus cranialis) — ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების განსხვავებული ფუნქციის 12 წყვილი ნერვი. ბირთვების შედგენილობისა და ბოჭკოების ურთიერთობის თავისებურებებით თავის ტვინის ნერვები გაცილებით უფრო რთულადაა აგებული, ვიდრე ზურგის ტვინის ნერვები, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით თითოეული მათგანი შეესაბამება ზურგის ტვინის ნერვის წინა ან უკანა ფესვს და არა მთლიანად ნერვს. ყნოსვის ნერვი (I წყვილი) და მხედველობის ნერვი (II წყვილი) წინა ტვინის გამონაზარდია. დანარჩენი 10 წყვილი კი, თუმცა არსებითად არ განსხვავდება ზურგის ტვინის ნერვებისაგან, მაგრამ არც სრულად შეესაბამება მათ და შეესატყვისება ზურგის ტვინის ან მხოლოდ წინა და ან მხოლოდ უკანა ფესვებს (ისევე, როგორც ეს აქვთ დაბალი განვითარების ხერხემლიანებს — გველუკას, სალამურას). თვალის მამოძრავებელი ნერვი (III წყვილი), ჭაღისებრი ნერვი (IV წყვილი), განმზიდველი ნერვი (VI წყვილი), დამატებითი ნერვი (XI წყვილი) და ენისქვეშა ნერვი (XII წყვილი) მამოძრავებელი ნერვებია და შეესაბამება ზურგის ტვინის წინა ფესვებს. სამწვერა ნერვი (V წყვილი), სახის ნერვი (VII წყვილი), კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი (VIII წყვილი), ენა-ხახის ნერვი (IX წყვილი) და ცთომილი ნერვი (X წყვილი) მგრძნობიარე ნერვებია და ზურგის ტვინის ნერვების უკანა ფესვების მსგავსად აქვთ ცრუუნიპოლარულუჯირედებიანი კვანძები, რომლებიც თავის ტვინის გარეთ მდებარეობენ. თავის ტვინის ნერვების კომპონენტებია სომატურ-მგრძნობიარე ბოჭკოები, რომლებიც ატარებენ ფიზიკურ გაღიზიანებას (II, V და VIII წყვილი); ვისცერალურ-სენსორული ბოჭკოები იწყება შინაგანი ორგანოებიდან და ქიმიური ნივთიერებების გაღიზიანების იმპულსებს ატარებენ (I, V, VII, IX დაა X წყვილი); სომატურ-მოტორული ბოჭკოები ანერვიანებენ განივზოლიან კუნთებს (III, IV, VI, XII, აგრეთვე V, VII, IX, X და XI წყვილი), ვისცერალურ-მოტორული ბოჭკოები — შინაგანი თორგანიების გლუვ კუნთებს (VII, IX და X წყვილი). თავის ტვინის ნერვებიდან სომატურ-სენსორულია XVIII წყვილი, სომატურ-მოტორული – III, IV, VI, XI და XII წყვილი, დანარჩენი — V, VII, IX და X წყვილი — შერეული ხასიათისაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 566.