თავისუფალი ტრიბუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავისუფალი ტრიბუნა
რეჟისორი გიორგი ჭალელიშვილი
წამყვანი ელენა ტრეხლებოვა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ბაია შარაშიძე
ხანგრძლივობა 53 წთ
პირველად ეთერში 25 თებერვალი, 2010
საიტი


თავისუფალი ტრიბუნასაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ გადაცემა. პირდაპირ ეთერში გადის ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 19:00 საათზე. გადაცემა პოლიტიკური შინაარსისაა და პირდაპირი ეთერი ეთმობა მხოლოდ იმ 22 პოლიტიკურ სუბიექტს, რომელთაც საქართველოს პარლამენტთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

გადაცემის მიზანია უკეთ წარმოაჩინოს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების ინიციატივები, ხედვა და დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მოვლენების მიმართ.

გადაცემის წამყვანი დისკუსიას მართავს როგორც პარტიის წარმომადგენელებთან, ასევე მოწვეულ სტუმრებთან.

„თავისუფალი ტრიბუნა“ მაყურებელს საშუალებას აძლევს პირდაპირ ეთერში ჩაერთოს და მისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე კითხვები დასვას, როგორც ტელეფონით, ასევე სოციალური ქსელების საშუალებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის 2010 წლის 22 თებერვალს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 22-დან 23 საათამდე „მეორე არხის“ პირდაპირ ეთერში დაეთმო ერთი საათი. მემორანდუმზე ხელი მოაწერა 21-მა პოლიტიკურმა პარტიამ და მოძრაობამ. პირველი გადაცემა 2010 წლის 25 თებერვალს გავიდა ეთერში.

2012 წლის 17 აპრილიდან პოლიტიკური პარტიების მოთხოვნით და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) შეთანხმებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“ საეთერო დრო გაეზარდა გადაცემა „თავისუფალ ტრიბუნას“ და ყოველდღე დაემატა კიდევ ერთი საათი. შესაბამისად, მემორანდუმზე ხელმომწერ კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს პირდაპირ ეთერში თვეში ერთი საათის ნაცვლად ეთმობოდათ ორი სრული საათი (19-20 საათამდე) და (22-23 საათამდე) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

2012 წლის 3 სექტემბრიდან „თავისუფალი ტრიბუნა“ გადავიდა წინასაარჩევნო რეჟიმზე. დროებით შეიცვალა მოქმედი მემორანდუმით გათვალისწინებული ურთიერთშეთანხმების პირობები და შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტების სიაც.

3-დან 28 სექტემბრის ჩათვლით შეიქმნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე (რეგისტრირებული) საარჩევნო სუბიექტების ახალი საეთერო გრაფიკი, რომლის მიხედვითაც გაიზარდა გადაცემის ქრონომეტრაჟი და 3 სექტემბრიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე პოლიტიკური სუბიექტები „თავისუფალ ტრიბუნას“ იყენებდნენ ყოველდღე 14, 16, 19 და 22 საათზე (შაბათ-კვირის გარდა).

2013 წლის 20 მაისიდან „თავისუფალი ტრიბუნა“ განახლებული სტუდიიდან გადის ეთერში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 19-დან 20 საათამდე. ახალი წამყვანია ელენა ტრეხლებოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]