თადა გოგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგუა.

თადა მაშურიას ძე გოგუა (დ. 1859, ჩხოროწყუ, ხაბუმე[1] — გ. 1963[2]) — ქართველი ლოტბარი, მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თათა გოგუა მჭედლის ოჯახში გაიზარდა. მას საშუალო განათლება არ მიუღია. წერა-კითხვა მამის სამჭედლოში შეგირდად ყოფნისას სოფლის სკოლის მოსწავლეებისგან ისწავლა. დ. გოგუამ ბავშვობიდანვე შეიყვარა ქართული ხალხური სიმღერა. იგი მცოდნეთაგან სწავლობდა ამა თუ იმ ნიმუშს და შემდეგ დაინტერესებულ ახალგაზრდებს ასწავლიდა. 1919 წელს, ზუგდიდში გოგუა შეხვდა ცნობილ ლოტბარს — ძუკუ ლოლუას. მისგან მრავალი სიმღერა შეისწავლა და როგორც მომავალი გუნდის ხელმძღვანელმა სასარგებლო რჩევები მიიღო. 1922 წელს ზუგდიდში სიმღერის მასწავლებლებად მიიწვიეს ცნობილი გურული შემსრულებლები — სამუელ ჩავლეიშვილი და ვარლამ სიმონიშვილი. მათგან გოგუას თორმეტამდე ნიმუში შეუსწავლია.

1928 წელს, 70 წელს მიტანებული დ. გოგუა დაბა ჩხოროწყუში აყალიბებს მომღერალთა გუნდს, რომლის წევრებიც არიან: დათიკო ფაცაცია, ძუკუ აფშილავა, სამსონ და კალისტრატე შენგელიები, ერა პაპავა, ლუბა წურწუმია, ჩიტო ჩხარჩხალია და სხვები. გუნდი მართავდა კონცერტებს რაიონის სხვადასხვა სოფელში, რითაც ხალხური სიმღერისადმი ადგილობრივთა ინტერესს აღვივებდა.

დ. გოგუას გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა სიმღერების სწორი, ბუნებრივი შესრულების იმ მანერით, როგორიც ძველ ჩხოროწყუელ მომღერლებს ახასიათებდათ, ამაშია ამ გუნდის დიდი დამსახურება. 1930-იან და 40-იან წლებში გუნდის შესრულებით სიმღერები ჩაიწერეს გრიგოლ კოკელაძემ და ვლადიმერ ახობაძემ.

1932 წელს ქ. ზუგდიდში გამართულ ხალხური სიმღერის რაიონთაშორისო ოლიმპიადაზე გოგუას გუნდმა შეასრულა: „ოჸონური“, „ხემხვარიელი“, „კუჩხი ბედინერი“, „უჩარდია-უჩა კოჩი“, „დისერ დო ვავოთინა“, „ნწარე ჸოროფა“, „ქერული“, „ხუჯიში ოსხაპური“ და „ჰარირა“ — ცეკვით. გუნდი დასაჩუქრდა მედლით, სიგელით და 300 მანეთით. აღინიშნა სიმღერების სწორი, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საუკეთესოდ შესრულება. წარმატებით ფრთაშესხმული ლოტბარი ამის შემდეგ ზედიზედ კონცერტებს მართავს ფოთში, სენაკში, გალში, ოჩამჩირესა და სოხუმში.

გოგუას გუნდმა მოწონება დაიმსახურა 1937 წლის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სრულიად საქართველოს ოლიმპიადაზე, თბილისის საოპერო თეატრში. განსაკუთრებული აღტაცება გამოიწვია სცენაზე თოხებით შესრულებულმა „ოდოიამ“, რომელიც სახკინმრეწვმა, როგორც მუსიკალური ფოლკლორის ერთ-ერთი მეტად საინტერესო ნიმუში, ფირზე გადაიღო. ოლიმპიადაზე გუნდმა მეორე ჯილდო მიიღო.

სიცოცხლის ბოლო წლებში, ხანდაზმულობის გამო ლოტბარმა გუნდის ხელმძღვანელობა მისი გუნდის ერთ-ერთ წევრს, დათიკო ფაცაციას გადააბარა. თავად ბოლომდე დარჩა ხალხური სიმღერის დიდ ქომაგად.

დ. გოგუა გარდაიცვალა 1963 წელს, 104 წლის ასაკში.

ნოტირებული ნიმუშები დ. გოგუას გუნდის შესრულებით გამოქვეყნებულია კრებულში „ქართული ხალხური მუსიკა, სამეგრელო“, I ტომი (შემდგ. კუკური ჭოხონელიძე), თბ., „საქართველოს მაცნე“, 2003. ეს სიმღერებია: „დისერუ დო ვოვოთინა“ , გვ. 76, „ალილო“ , გვ. 107, „მწარე ჸოროფა“, გვ. 159, „დიელოსა“, გვ. 172, „ჰეი რანინა“, გვ. 174, „კუნტა ბედინერა“ , გვ. 212.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეგეჭკორი ლადო, ხალხური სიმღერის მოამაგენი. გვ. 78-79. „საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2007.
  • ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, სამეგრელო III. გვ. 9-13. „საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნეკროლოგი გაზეთში „კოლხეთის ცისკარი“, 1963 წ., №16
  2. ბუკია, გოდერძი (editor). „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“. ეკატერინე შოშიაშვილი. „დათა გოგუა“. თბილისი: „საქართველოს მაცნე“, 2005, სამეგრელო, III, გვ. 7-14, 270 ((ინგლ.))