თაგისქენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თაგისქენი — სამაროვანი ყაზახეთში, ამავე სახელწოდების პლატოზე, ყიზილორდის ოლქში. აღმოჩენილ იქნა 1959 წელს და გათხრილ იქნა 19601963 წლებში.

გაითხარა ორი კომპლექსი. ჩრდილოეთ თაგისქენი ძვ. წ. IX-VIII საუკუნეების ბელადების ნეკროპოლია. მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ ალიზის მავზოლეუმებში. აღმოჩენილია სამკაული, იარაღი, ჭურჭელი. განათხარი მასალის მიხედვით თაგისქენის მოსახლეობას კავშირი ჰქონდა შუა აზიის სამხრეთ რაიონების მაღალ კულტურასთან.

სამხრეთი თაგისქენი ძვ. წ. VII-V საუკუნეების საკი ტომების გორსამარხებს წარმოადგენს. დამახასიათებელია მიწისზედა ნაგებობანი, ხითა და ლელით გადახურული ორმოსამარხები. იცოდნენ მიცვალებულის როგორც დამარხვა, ასევე დაწვა. სამარხებში აღმოჩნდა ცხენის მდიდარი აღკაზმულობა, მრგვალი სარკეები, ქვის სამსხვერპლოები, ისრისპირები, ხისქარქაშიანი გრძელი სატევრები, ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭელი და სხვა. ნაკეთობათა უმრავლესობა ბრინჯაოსია.სამარხების კონსტრუქცია და დაკრძალვის რიტუალში ცეცხლის გამოყენება მიუთითებს კავშირზე ჩრდილოეთ თაგისთენურსა და საკურ დაკრძალვის წესებს შორის. სამხრეთ თაგისთენის მატერიალურ კულტურაში შეიმჩნევა კავშირი სამხრეთ ურალისპირეთის სავრომატებთან, ყაზახეთის სტეპების საკებთან და სამხრეთ ციმბირის სკვითური ტიპის კულტურებთან

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]