ზღუდერი (ცხინვალი)
ზღუდერი, ზღუდრისგვერდა, ზღუდრის ბორცვი — ქალაქ ცხინვალის ისტორიული გარეუბანი, ქალაქის სამხრეთ შესასვლელთან. მდებარეობს მდინარე ლიახვის მარცხენა მხარეს, მაღლობზე.
სახელწოდებიდან ჩანს, რომ ზღუდერი წარსულში გამაგრებული ადგილი (ზღუდე, ზღუდარი) უნდა ყოფილიყო.[1] ზღუდერი დიდი ლიახვით მორწყულ სოფლების ჩამონათვალში მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, მისივე რუკაზე (1745) კი სოფელი დატანილია საკულტო ნაგებობის ნიშნით — ჯვრით. ზღუდერი ცხინვალის ხეობის სოფლებს შორის დასახელებულია იოჰან გიულდენშტედტის მოგზაურობის წიგნში[2] და იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნე).[3] სოფელ ზღუდრის მოსახლეობა ჟამიანობისაგან ამოწყვეტილა, ხოლო გადარჩენილი მამისაშვილების ერთი შტო უფრო დაბლა, ლიახვის მარცხენა ნაპირზე დასახლებულა და დაუარსებია პატარა სოფელი მამისაანთი (შემდგომში სოფელ ერედვის ნაწილი). XVIII საუკუნის დოკუმენტებით ზღუდერი თავად ფავლენიშვილების სათავადოში შედიოდა.[4]
ზღუდერში, სასაფლაოს ტერიტორიაზე დგას XVII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის ასომთავრული წარწერები იხსენიებს ტაძრის აღმშენებელს — მარიამ ქართლის დედოფალს.[5] აქ იმართებოდა სახალხო დღესასწაული — ზღუდრობა.
ზღუდერის მიდამოებში 1940-იანი წლებიდან აღმოჩნდა ენეოლითური მასალა (ს. ნადიმაშვილი, 1944; ვ. ლიუბინი, 1950). 1950 წლიდან ზღუდრისგვერდასა და ზღუდრის ბორცვზე არქეოლოგიურ გათხრებს ატარებდა ბორის კუფტინი, შემდეგ — ოთარ ჯაფარიძე. გარდა ადრებრინჯაოს ხანის კერამიკის ნაშთებისა, ზღუდრის ბორცვზე გამოვლინდა გვიანბრინჯაოს – ადრერკინის ხანის ორმოსამარხები.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, ტ. I, თბ., 1968. — გვ. 74-75.
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის თარგმ. და გამოც., ტ. I, თბ., 1962. — გვ. 101, 277.
- ↑ ბაგრატიონი იოანე, ქართლ-კახეთის აღწერა (ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა), თბ, 1986. — გვ. 41.
- ↑ ოთინაშვილი ნ., რამდენიმე სიტყვის ისტორიისთვის ზემო ქართულრში, ეტიმოლოგიური ძიებანი, №13, 2016. — გვ. 38-39.
- ↑ მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971. — გვ. 44–45.
- ↑ ჯაფარიძე ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961. — გვ. 22–23.