შინაარსზე გადასვლა

ზღვის ნათება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზღვის ნათება — მოვლენა, რომელსაც იწვევს წყლის ზედა ფენებში მყოფი მანათობელი ორგანიზმები; შეინიშნება ღამით. ორგანიზმების ნათებას განაპირობებს მექანიკური გაღიზიანება (წყლის მოძრაობა დინებათა შეერთების ადგილებში, ღელვა, გემის სვლა, ორგანიზმების ურთიერთშეჯახება და სხვა), ზოგჯერ კი მეზობელი ორგანიზმების მიერ სინათლის გამოსხივება. განსაკუთრებით ხშირია ტროპიკულ და ზომიერ სარტყელში, ზღვის ნათება შეიძლება გავრცელდეს ასეულ კმ² ფართობზე ან ცალკეული ლაქების, ზოლების სახით გამოჩნდეს. განასხვავებენ ე. წ. რძისებრ (იწვევს უმთავრესად ბაქტერიები), ნაპერწკლოვან (იწვევს წვრილი პელაგური ორგანიზმების გროვები) და ფეთქებად (იწვევენ მედუზები, სავარცხლურები, პიროსომები და სხვა) ნათებას. ნათების სიკაშკაშე შეიძლება 0,1—0,3 კდ/მ² (სნთ/მ²) აღწევდეს. მას მნიშვნელობა აქვს გემთწამყვანისათვის (ავლენს სანაპირო ხაზს, თავთხელს, ზოგჯერ კი წყალმარჩხის მოჩვენებით შთაბეჭდილებას ქმნის), თევზმჭერისათვის (თევზების გროვების აღმოჩენა), სამხედრო-საზღვაო მოქმედებისას (წყალქვეშა ნავების, ტორპედების, გემების აღმოჩენა).