ზღვის კაჭკაჭი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღვის კაჭკაჭი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
ოჯახი:  ზღვის კაჭკაჭისებრნი
გვარი:  ზღვის კაჭკაჭი
სახეობა:  ზღვის კაჭკაჭი
ლათინური სახელი
Haematopus ostralegus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22693613
გავრცელება

  ბუდობის არეალი
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრების არეალი

ზღვის კაჭკაჭი[1] (ლათ. Haematopus ostralegus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 39–45 სმ, მასა 400–820 გრამი. აქვს მკვრივი აგებულება. ნისკარტი სწორი, გრძელი, გვერდებიდან შებრტყელებული და წითელია. ფეხები შედარებით მოკლე, სამი გასქელებული თითით, ვარდისფერი. თვალები წითელია. ბუმბულის შეფერილობა შავ-თეთრია, როგორც კაჭკაჭისა (აქედან სახელწოდება). ზურგი, თავი, კისერი და კუდის წვერი შავია, თუ ტანის ქვედა ნაწილი, კუდის ძირი, მისი მფარავი ბუმბულები და ზოლები ფრთებზე თეთრი. ზამთრის შეფერილობაში თავის ქვედა ნაწილი შემოვლებულია თეთრი ზოლით. დედალ-მამალი ერთმანეთს ჰგავს; ახალგაზრდებში შავი ფერი ჩანაცვლებულია მუქი მურათი, ნისკარტის წვერი მუქია.[2]

ზღვის კაჭკაჭი ბუდობს ევროპის, მცირე და შუა აზიის, დასავლეთი ციმბირის, კამჩატკის, პრიმორიეს, კორეისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების სანაპიროებზე და მდინარეთა ხეობებში. უპირატესობას ანიჭებს ქვიშიან და კენჭიან ცელებზე ცხოვრებას. ზამთარში დასავლეთ ევროპის ფრინველთა ნაწილი მომთაბარეობს, თუმცა ზღვის კაჭკაჭების უმრავლესობა იზამთრებს ხმელთაშუა ზღვის და ინდოეთის ოკეანის (აზიური ნაწილის) სანაპიროებზე.[2]

იკვებება უმთავრესად ორსაგდულიანი მოლუსკებით, რომელთა ნიჟარებს ხსნის საგდულების შემკუმშველი კუნთების გადაჭრით; აგრეთვე ჭამს წვიმის ჭიებს (გრუნტიდან ამოჰყავს), კიბოსნაირებსა და მწერებს. წყვილების ნაწილი რამდენიმე სეზონის განმავლობაში ინარჩუნებს ერთგულებას. დედალი დებს 2–4 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 24–27 დღე. აგრესიული ფრინველებია და ბუდესა და შთამომავლობას მტაცებელი ფრინველებისაგან იცავენ. სხვა წინტალებისგან განსხვავებით, ბარტყები საკვებს მშობლებისაგან იღებენ; 28–32 დღის ასაკში იძენენ ფრენის უნარს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. oystercatcher — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 Томкович П. С. Кулик-сорока // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 298.