ზღვისგველისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზღვის გველები)
Jump to navigation Jump to search
ზღვის გველები
პელამიდა (Pelamis Platurus)
პელამიდა (Pelamis Platurus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ზღვის გველები
ლათინური სახელი
Hydrophiidae

ზღვისგველისებრნი (ლათ. Hydrophiidae) — შხამიანი გველების ოჯახი, შეიცავს 16 გვარს 50-მდე სახეობით. მათი სხეულის სიგრძე 2,7 მ. აღწევს. გავრცელებულნი არიან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ წყლებში. კარგად ეგუებიან წყლის გარემოს. აქვთ გვერდებზე შებრტყელებული კუდი, სარქველებიანი ნესტოები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით და დამატებითი სუნთქვის ორგანოს წარმოადგენს. აქვთ ღარიანი შხამიანი კბილები. შხამი ძლიერ ტოქსიკურია. შობენ ცოცხალ ნაშიერს. იკვებებიან ძირითადად თევზებით.

ამჟამად მეცნიერები ზღვის გველებს ასპიტისებრთა ოჯახში აერთიანებენ.

აღნაგობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვითელტუჩა ზღვის კრაიტი (Laticauda colubrina)

ზღვის გველები აგებულებით მეტად წააგვანან ასპიტებს. მათთვის დამახასიათებელია პატარა თავი, პატარა თვალები მრგვალი გუგებით. თავი დაფარულია დიდი ქერცლებით. სხეულის წინა ნაწილი მომრგვალო ფორმისაა, უკანა კი გვერდებიდან შებრტყელებული და ბოლოვდება ლასტისმაგვარი კუდით. გვერდითი ქერცლები, რომლებიც ხმელეთზე გადასაადგილებლადაა აუცილებელი, ან გადაგვარებულია, ან საერთოდ არ გააჩნიათ. სხეული ზემოდანაც და მუცლის მხრიდანაც დაფარულია წვრილი ქერცლებით. მხოლოდ რამდენიმე პრიმიტიულ სახეობას, რომლებმაც შეინარჩუნეს ხმელეთთან კავშირი, გააჩნიათ მუცლის ფარები რამდენიმე რიგად. ნესტოები თავის ზედაპირიდან წამოწეულია, რაც საშუალებას აძლევს გველს, წყლიდან თავის ამოყოფის გარეშე, შეისუნთქოს ჟანგბადი. გარდა ამისა, ნესტოები შეიარაღებულია სპეციალური სარქველებით, რომლებიც, წყალში ჩაყვინთვისას, ხურავენ ნესტოებს. ზღვის გველებში ენას თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს, ამიტომ მოკლეა. პირის ღრუს ლორწოვანში მოთავსებულია კაპილარული ქსელი, რაც გველს საშუალებას აძლევს წყლიდანვე შთანთქოს ჟანგბადი. შხამიანი კბილები მოთავსებულია ზედა ყბის წინა ზედაპირზე, ცოტათი დახრილია უკან და აქვს შხამგამტარი მილი. ეშვების უკან მდებარეობს 1-18-მდე წვრილი კბილი. ზღვის გველები მშვიდ არსებებს წარმოადგენენ. იკბინებიან მხოლოდ განსაკუთრებული გაღიზიანების შემთხვევაში. ამის გამო მეთევზეებს ბადეში გახლართული გველის ხელით გამოყვანისაც კი არ ეშინიათ.

გავრცელების არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წენგოსფერი ზღვის გველი (Aipysurus laevis)

ზღვის გველები გავრცელებულნი არიან: წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ტროპიკულ ზღვებში: აფრიკის აღმოსავლეთ ნაპირებიდან - ცენტრალური ამერიკის დასავლეთ ნაპირებამდე. ჩრდილოეთით აღწევენ იაპონიამდე. ყველაზე დიდ რაოდენობით გვხვდებიან სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და მალაის არქიპელაგის წყლებში. აქ ისინი ჯგუფებად ცხოვრობენ. განსაკუთრებით გავრცელებულნი არიან ნაპირიდან 5-6 კილომეტრის რადიუსში, ზღვებში იშვიათად ნაპირიდან 50 კილომეტრის დაშორებითაც სახლობენ.

ქვეოჯახები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცისფერტუჩა ზღვის კრაიტი, რგოლისებრი ბრტყელკუდიანი (Laticauda laticaudata)

ცნობილია ზღვის გველების 16 გვარი 50 სახეობით, აქედან 3 გვარს (14 სახეობით) აერთიანებენ ქვეოჯახში Laticaudinae (ბრტყელკუდიანები), ხოლო 13 გვარს (39 სახეობით) ქვეოჯახში Hydrophiinae (ლასტკუდიანები). Laticaudinae ქვეოჯახის წარმომადგენლებს ხმელეთთან კავშირი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ, ამიტომ განვითარების დონით Hydrophiinae-ზე დაბალ საფეხურზე დგანან.

შხამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორფეროვანი პელამიდა

შხამს გააჩნია ნეიროტოქსიური მოქმედება. ვითარდება სისუსტე, პირღებინება, კრუნჩხვები, თვალთ დაბნელება და სასუნთქი სისტემის დამბლა. თუმცა სიკვდილიანობის შემთხვევები ბევრი არაა. ზოგიერთ სახეობას ძალზედ სუსტი შხამი აქვს. ტოქსიურობით ზღვის გველები რამდენიმეჯერ აღემატებიან ხმელეთის ყველაზე შხამიან გველებს. კბენის დროს მსხვერპლის ორგანიზმში შეჰყავთ 1-20 მილიგრამი შხამი.

საკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოლებიანი ლასტკუდიანი (Hydrophis cyanocinctus)

ზღვის გველების უმთავრესი საკვები თევზებია. ისინი მსხვერპლს უდარაჯდებიან, გარშემო შემოეხვევიან, შხამიან კბილებს ასობენ და ყლაპავენ.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გველები, რომლებიც ხმელეთთან კავშირს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ - კვერცხმდებლები არიან, უმრავლესობა კი კვერცხცოცხლადმშობია. შობენ ძალიან ცოტა ნაშიერს - 1 ან 2. შთამომავლობას 1 წლის ასაკიდან იძლევიან.