შინაარსზე გადასვლა

ზურგის ტვინის ნერვები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურგის ტვინის ნერვების სქემა.
ზურგის ტვინის ნერვისა და სიმპათიკური განგლიების დიაგრამა. ბოჭკოები: 1. სენსორული; 2. მამოძრავებელი; 3. ზურგის ტვინი; 4. თეთრი ნივთიერება; 5. ნაცრისფერი ნივთიერება; ზურგის ტვინის ნერვების ფესვები: 6. წინა და 7. უკანა, 8. ზურგის ტვინის განგლიონი, 9. ზურგის ტვინის ნერვი; ტოტები: 10. დორსალური, 11. ვენტრალური. 12. შემაერთებელი ტოტები: 13. თეთრი, 14. ნაცრისფერი. 15. სიმპათიკური ღერო: 16. განგანგლიონური ტოტი, 17. პარავერტებრული განგლიონი, 18. პრევერტებრული განგლიონი

ზურგის ტვინის ნერვები (ლათ. nervus spinalis) — პერიფერიული ნერვული სისტემის ნერვები. ზურგის ტვინიდან მომავალი 31 წყვილი ნერვი. ზურგის ტვინის ყოველი ნერვი წარმოიქმნება წინა — მამოძრავებელი და უკანა– მგრძნობიარე ფესვების შეერთებით. ფესვები ერთმანეთს უერთდება მალთაშუა ხვრელში, რომლის საშუალებითაც ნერვი გადის ხერხემლის არხიდან აღნიშნულ ხვრელში მგრძნობიარე ფესვი წარმოქმნის სპინაულურ კვანძს (ლათ. ganglian spinale). ტოპოგრაფიულად ზურგის ტვინის ნერვები შემდეგნაირად ნაწილდება: კისრისა 8 წყვილი, გულმკერდისა 12 წყვილი, წელისა 5 წყვილი, გავისა 5 წყვილი და კუდუსუნისა 1 წყვილი. ყოველი ნერვი მალთაშუა ხვრელიდან გამოსვლის შემდეგ იყოფა უკანა-დორსალურ და წინა-ვენტრალურ ტოტებად. დორსალური ტოტები ანერვიანებს კეფის, ზურგის, წელისა და ნაწილობრივ სადუნდულე მიდამოს კუნთებს და კანს. ვენტრალური ტოტები (ნეკნთაშუა ნერვების გარდა) ერთმანეთს უერთდება სხვადასხვა ფორმის მარყუჟებით და წარმოქმნის კისრის, მხრისა და წელ-გავის წნულებს. ზურგის ტვინის ნერვები შერეული ხასიათისაა, გამონაკლისია პირველი (კეფის დიდი ნერვი) და მეორე (კეფისქვეშა ნერვი) ნერვის დორსალური ტოტები, რომელთაგან პირველი მხოლოდ მგრძნობიარეა, მეორე კი — მამოძრავებელი.