ზურაბ ვადაჭკორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვადაჭკორია.
ზურაბ ვადაჭკორია

ზურაბ ვადაჭკორია
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1961 (1961-02-24) (63 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი, 2018 (57 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს საცირკო-საესტრადო ხელოვნების სასწავლებელი
საქმიანობა ილუზიონისტი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ზურაბ ვადაჭკორია (დ. 24 თებერვალი, 1961, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 1 მარტი, 2018, თბილისი, საქართველო) — ქართველი ილუზიონისტი, ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელი საქართველოში. იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბისა და ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ღირსების ორდენის კავალერი 2000 წელს.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ ვადაჭკორია დაიბადა 1961 წლის 24 თებერვალს.[2] დაამთავრა საქართველოს საცირკო-საესტრადო ხელოვნების სასწავლებელი 1986 წელს. 18 წლიდან ეზიარა სასცენო ხელოვნებას. ზურაბის შემოქმედებით პალიტრაში იყო მუშაობა მტრედებით, მანიპულაცია ბანქოთი, აგრეთვე ცეცხლი და რთული რეკვიზიტის გამოყენება. 1981 წელს ზურაბი გახდა მოსკოვის მეფოკუსეთა კლუბის წევრი. ზურაბს პირველი მნიშნვნელოვანი გასტროლები ჰქონდა ინდოეთსა და ნეპალში 1984 წელს, სადაც მან პირველად წარმოადგინა ნომრები საათის მოხსნით, გამქრალი საფულით და საქორწინო ბეჭდებით.

1986 წელს შეიქმნა თბილისის ილუზიონისტთა კლუბი და ზურაბი გახდა მისი პრეზიდენტი. 1992 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ბაზაზე შეიქმნა „მაგიური შოუ“,[1] სადაც საათნახევრის მანძილზე მაყურებელი სანახაობის მონაწილეც იყო. იმავე წელს ზურაბი გაწევრიანდა „International Brotherhood of Magicians“-ში („მაგების საერთაშორისო საძმო“). 1997 წელს ზურაბმა სახელმწიფო ტელევიზიაში დასაბამი დაუდო ნახევარსაათიან პროგრამას „ფოკუს-მოკუსი ყველასათვის“. ზურაბ ვადაჭკორიას ქართულ ენაზე დაბეჭდილი აქვს 4 წიგნი. მათში ავტორი არა მარტო ახალ ფოკუსებს სთავაზობდა მკითხველს, არამედ განმარტავდა ძველ ცნობილ ტრიუკებს. საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2001 წელს მაყურებლების წინაშე ზურაბმა ქუჩაში, ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ხუთტონიანი საბარგო მანქანა გააქრო. 2003 წლის 26 მაისს მეტეხის ხიდზე შეასრულა ჰარი ჰუდინის სასიკვდილო ტრიუკი — მტკვარში ჩაშვებულ ლითონის სეიფში ჯაჭვებითა და ბორკილებით ხელფეხშეკრული 3 წუთში გათავისუფლდა.

2003 წლის ივნისში პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „მზე“-ში გაკეთდა ცნობილი საილუზიო ნომერი „გაქცევა ჩინური წყლის საპყრობილედან“ ათიათასობით თვითმხილველის თანდასწრებით. 2004 წელს ქალაქ ბრნოში (ჩეხეთი) გახდა ილუზიონისტთა კლუბის წევრი. 2007 წელს პირველად შეასრულა საავტორო ტრიუკი — „გაქცევა ელექტრული კაფსულიდან“. იმ წელსვე იყო გამოშვებული საფოსტო მარკა „ქართული ილუზიონისტური ხელოვნება“, ზურაბ ვადაჭკორიას სილუეტით.[1] მარკები ნომრებით: „000 100“, „000 200“, „000 300“, ზურაბის სახელობითი ბეჭდით შეისყიდა უცნობმა ფილატელისტმა 10 ათას დოლარად. მარკა „001 961“ ინახებოდა თავად ზურაბთან — ეს მისი დაბადების წელია. იმავე წლის მარტში „I სტერეო“-ს ორ ტელეწამყვან გოგოს შეასრულებინა დღისით პირდაპირ ეთერში „ქართლის დედის“ გაქრობის ფოკუსი. იმისათვის, რათა მომავალში ეს ფოკუსი არავის გაემეორებინა, ვადაჭკორიამ თავის წიგნში „ასოცდაერთი ფოკუსი“ გაამხილა მისი საიდუმლო.

ზურაბ ვადაჭკორიამ გასტროლებით შემოიარა 48 ქვეყანა. ის კითხულობდა ლექციებს თეატრალურ და საესტრადო-საცირკო ინსტიტუტში, ამზადებდა ახალ ილეთებს.

ილუზიონისტი, 2018 წლის 1 მარტს, 57 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.[3] დარჩა მეუღლე და ორი შვილი — მირანდა და ნიკა.

2018 წლის 19 მარტს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ზურაბ ვადაჭკორიას ვარსკვლავი.[4] ვარსკვლავის გახსნამდე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც მსახიობებმა და სხვადასხვა ცნობილმა ადამიანებმა მისი შემოქმედებითი ცხოვრება გაიხსენეს.[5]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „121 ფოკუსი“ — თბილისი, პალიტრა L, 2008. — 124 გვ.
  • „111 ფოკუსი“ — თბილისი, პოლიგრაფ+, 2006. — 112 გვ.
  • „ასი ფოკუსი ყველასთვის“. — თბილისი, დაჩი, 2005. — 64 გვ.
  • „ფოკუსები“: 25 ფოკუსი თავისი ნახატებითა და ახსნა-განმარტებებით — თბილისი, ბაკურ სულაკაური, 2004. — 56 გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 129.
  • „ჯადოსნური ფიკუსების დიდი წიგნი“ ავტ. ჯო ფულმანი. გამომცემლობა: პალიტრა L 2009წ. Facebook-ზე MagicHall ფოკუსების მაღაზია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ზურაბ ვადაჭკორია. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2018.
  2. ზურაბ ვადაჭკორიას გახსენება. პირველი არხი (12 მარტი, 2018). ციტირების თარიღი: 24 აგვსიტო, 2018.
  3. ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა. „Interpressnews“ (1 მარტი, 2018). ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2018.
  4. ზურაბ ვადაჭკორიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. Kvira.ge (19 მარტი, 2018). ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2018.
  5. ზურაბ ვადაჭკორიას ვარსკვლავი გაიხსნა (19 მარტი, 2018). ციტირების თარიღი: 24 აგვისტო,, 2018.[მკვდარი ბმული]