ზურაბ გუგუჩია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზურაბ გუგუჩია (დ. 27 სექტემბერი, 1987, სოხუმი) — ქართველი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ გუგუჩია ექვსი წლისაც არ იყო, როცა ქართულ–აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთი დაიკავეს და ოჯახი ლტოლვილობაში აღმოჩნდა. დაამთავრა ზუგდიდში განთავსებული სოხუმის პირველი საჯარო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მე-3 კურსზე, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, შვეიცარიიდან მიწვევა მიიღო და იქ 3 კვირა გაატარა. ეს მოწვევები მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ზურაბ გუგუჩიამ ციურიხის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორების — ჰუგო კელერისა და ალექსანდრე შენგელიას ხელმღვანელობითა და შემოთავაზებით, სწავლა განაგრძო ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 2013 წლის ივნისში, 25 წლის ასაკში, დაიცვა დისერტაცია ფიზიკის ყველაზე ურთულეს — ზეგამტარობისა და მაგნიტიზმის განხრაში და გახდა ფიზიკის დოქტორი და ციურიხის უნივერსიტეტის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი.

ზურაბ გუგუჩია, ამჟამად, ნიუ-იორკში მოღვაწეობს, კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელია. მანამდე რამდენიმე წელი მუშაობდა შვეიცარიის ყველაზე დიდ სამეცნიერო ცენტრში — პაულ შერერის ინსტიტუტში. აღმოჩენილი აქვს რამდენიმე ახალი ეფექტი მაღალტემპერატურულ და ტოპოლოგიურ ზეგამტარებში, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ამ ნივთიერებებში ზეგამტარობის მექანიზმის დასადგენად. მისი შრომები იბეჭდება ისეთ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორებიცაა: Nature Communications, Physical Review Letters და Physical Review B. ზურაბ გუგუჩიასა და მისი კოლეგების ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც 2017 წელს დაიბეჭდა, მიიჩნევა 30 წლის წინ ამ დარგში გაცემული ნობელის პრემიის ნამუშევრის ღირსეულ გაგრძელებად. ცნობილი მეცნიერები ქართველ ფიზიკოსს უკვე აღიარებენ დარგის ახალგაზრდა ლიდერად. ის აქტიურად მუშაობს ბერკლის, პრინსტონის, ტოკიოს და სხვა უნივერსიტეტების მეცნიერებთან. საკუთარი სამეცნიერო იდეების საფუძველზე ატარებს ექსპერიმენტებს ისეთ ცნობილ ლაბორატორიებში როგორებიცაა: ოკ-რიჯისა და ბრუკჰავენის ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიები, ტრიუმფი და პაულ შერერის ინსტიტუტი. ზურაბ გუგუჩია 70-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია, რომელთაგან ორი, მისი პირველი ავტორობით, 2012-2013 წლებში კონდენსირებული გარემოს ფიზიკის პრესტიჟულ ჟურნალში საუკეთესო სტატიებს შორის დასახელდა. წაკითხული აქვს 40-მდე მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სემინარებზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ორჯერ მოიპოვა ახალგაზრდა მკლევარებისათვის დაწესებული შვეიცარიის სამეცნიერო ეროვნული ფონდის პრესტიჟული ჯილდო. 2017 წელს გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის გამარჯვებული.

2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც ციურიხის უნივერსიტეტში დოქტორანტი გახდა, ზურაბ გუგუჩია სამეცნიერო კვლევების პარალელურად აქტიურად ჩაება სასწავლო პროცესებში. მუშაობდა როგორც ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან, ასევე, მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან. ისინი ერთობლივად მონაწილეობდნენ სამეცნიერო კვლევებში, ხოლო ქართველი ფიზიკოსი ეხმარებოდა მათ სამაგისტრო ნაშრომების შესრულებაში, ექსპერიმენტების დაგეგმვაში, მონაცემთა ანალიზში, შედეგების ინტერპრეტაციასა და სამეცნიერო პუბლიკაციების სახით წარმოდგენაში. „ჩემი, როგორც მეცნიერის მოტივაცია მხოლოდ ის კი არ არის, რომ სიამოვნება მივიღო ახლის აღმოჩენით, არამედ ისიც, რომ ეს ყველაფერი საინტერესოდ მივაწოდო სტუდენტებს. ვეთანხმები ამერიკელ მწერალსა და კრიტიკოსს – მარკ ვან დორენს, რომელიც ამბობდა, „სწავლება აღმოჩენებისთვის ხელშეწყობის ხელოვნებააო“, — აღნიშნავს ზურაბ გუგუჩია. ახალგაზრდა მეცნიერი თავის მეუღლესთან, მაგდა ძნელაძესა და ქალიშვილებთან — მარიამსა და ანასტასიასთან ერთად წელიწადში ერთხელ ჩამოდის სამშობლოში, ნახულობს კოლეგებს და აუცილებლად სტუმრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათს, სადაც ამჟამად ცხოვრობს მამამისი, ასევე ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გუგუჩია. 2015 წელს ზურაბ გუგუჩია გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუგუჩია, ლადო. სოხუმელი ზურაბ გუგუჩია ციურიხის უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი გახდა : ინტერვიუ / ზ. გუგუჩია ; ესაუბრა ლ. ქირია // საქართველო და მსოფლიო. თბ., 2013. გვ.32

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]