ზუნდაგის საწნახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზუნდაგის საწნახელიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდინარე ზუნდაგისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგში. იგი სოფლის გარეუბან ბაბუჩოღლების უკიდურეს ჩრდილო-­აღმოსავლეთ მონაკვეთში, სოფლიდან 150 მეტრითაა დაცილებული. საკუთრივ ბაბუჩოღლები კი ძაღლაურისა და ცივწყაროსთავის ქედების ძირში არსებულ მოვაკებაზეა გაშლილი.

საწნახელი ძაღლაურის ქედის ბოლო მონაკვეთის კლდოვან ქანშია ნაკვეთი. იგი საკმაოდ კარგადაა შემონახული. აბაზანის შიდა ზომებია: სიგრძე ­2,07 მ, სიგანე თავთან დასავლეთით­ — 1 მ, საპირისპირო მხარეს აღმოსავლეთით — ­95 სმ. სიღრმე უკანა კედელთან 95 სმ, წინა კედელთან — 45 სმ. საწნახელი ტკბილის სადინარისაკენ აღმოსავლეთით შედარებით ვიწროა და ეს კანონზომიერიცაა. ძირი ტკბილის სადინარისაკენ — 10 სმ­-ზეა დახრილი. სადინარი ხვრელი წრიული ფორმისაა და ისარნის შიგნით კედლიდან 5­7 სმ-­ით წინაა წაწეული და ღარისებრი შვერილით ბოლოვდება. მისი დიამეტრი 10 სმ­ია. ისარნა განთავსებულია საწნახელის გაგრძელებაზე აღმოსავლეთით. მისი ზომებია: სიგრძე - ­80 სმ, სიგანე მარცხენა მხარეს (დასავლეთით) 35 სმ, შუა ნაწილში — 55 სმ და ბოლოს ­— 50 სმ. სიღრმე — ­90 სმ. საწნახელის უკანა კედლის დასავლეთ მონაკვეთში ძირიდან 70 სმ­-ზე დატანილია ოთხკუთხა ფორმის (20X15X25სმ) ფოსო. იგი ჭაჭის საქაჩავი ძელისთავისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. საწნახელში საწვიმარი წყლების ჩადინების თავიდან აცილების მიზნით ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე და ნაწილობრივ აღმოსავლეთით კლდეშივე ამოუკვეთიათ ღარი. ძირში კლდეშივე გაუჭრიათ 95 სმ სიგრძის საფეხური. იგი საწნახელში ყურძნის ჩაყრის გაიოლების მიზნით ჩანს გამოყენებული. დასავლეთ და უკიდურეს სამხრეთ ნაწილში არის ასევე კლდეში ნაკვეთი წრიული ფორმის ფოსოები. ისინი ,როგორც ჩანს, სახეხი საშუალებების შენახვისათვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 2016, გვ., 117