ზოსიმე ფინიკიელი
ზოსიმე ფინიკიელი — V–VI საუკუნეების ქრისტიანი ბერი და ასკეტი. ზოსიმეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობები VI საუკუნის მოღვაწის ევაგრიოს სქოლასტიკოსის „საეკლესიო ისტორიიდან“ მომდინარეობს. ზოსიმე მიჩნეულია ბიზანტიურ „დიდ პატერიკონში“ შეტანილი და დოროთე ღაზელის მიერ დამოწმებული „საუბრების“ ავტორად. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია, ხსენების დღეა 8 ივნისი (ძველი სტილით), 21 ივნისი (ახალი სტილით).
ევაგრიოსის თხზულების მიხედვით ზოსიმე წარმომავლობით ქალაქ ტვიროსის (ისტორიული ფინიკია) ახლოს მდებარე სოფელ სინდიდან იყო, მოღვაწეობდა მშობლიურ ადგილებში მდებარე მონასტერში და თავისი ასკეტური ცხოვრების გამო დიდი სახელით სარგებლობდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონია კესარიის ეპისკოპოს იოანე მდუმარესთან. გადმოცემა მას მიაწერს წინასწარ განჭვრეტის უნარს; ზოსიმეს უწინასწარმეტყველია ანტიოქიაში 526 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა. სხვა გადმოცემის მიხედვით ზოსიმეს დაუმორჩილებია ლომი, რომელსაც კესარიის გზაზე მისი ტვირთის მზიდავი სახედარი შეუჭამია; მოთვინიერებულ მხეცს თავად უტვირთია ბერის ნივთები ქალაქამდე.
თანამედროვე მკვლევარები (ს. ველე, 1901, და სხვ.) ზოსიმეს აიგივებენ ბიზანტიურ „დიდ პატერიკონში“ (წმინდა მამათა სწავლანი) შეტანილი და VII საუკუნის მოღვაწის დოროთე ღაზელის მიერ ციტირებული „საუბრების“ ავტორ აბბა ზოსიმესთან. ეს ტექსტი წარმოადგენს მოწაფეებისთვის განკუთვნილ დარიგებებს ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის, საუკუნო ცხოვრებისა და ღვთის მცნებათა შესრულებისათვის, სიმდაბლისათვის, სათნოებებისათვის და ა.შ. „საუბრები“ ქართულად ნათარგმნია ექვთიმე მთაწმინდელის მიერ („სწავლაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ზოსიმესი“) და შეტანილია ათონურ ასკეტიკურ-დოგმატიკურ კრებულში (1042–1044 წწ.).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. V, თბ., 1957.
- წმიდანთა ცხოვრება, ტ. II, თბ., 2001.
- Арелатский Е. В., Зосима, «Православная энциклопедия», Т. XX, М., 2009. — С. 346.
- Vailhé S. St. Dorothée et st Zosime // EO. 1901. T. 4. P. 359-363.