ზოოტექნიკა
ზოოტექნიკა (ძვ. ბერძნ. zōon — ცხოველი, technē — ოსტატობა) — მეცნიერება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების, კვების, შენახვისა და სწორად გამოყენების შესახებ, რომლის მიზანია მეცხოველეობის პროდუქციის (ხორცი, რძე, კვერცხი, მატყლი, ტყავეული და სხვ.) წარმოება. ზოოტექნიკა შეიმუშავებს ღონისძიებებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხარისხიანი და დაბალი თვითღირებულების მქონე პროდუქციის მისაღებად. ის ემყარება თანამედროვე ბიოლოგიის მეცნიერებების (ზოოლოგია, ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია, ემბრიოლოგია, გენეტიკა, ბიოქიმია, იმუნოლოგია, ვეტერინარია, აგრონომია, საკვებწარმოება და სხვ.) მიღწევებს.
ზოოტექნიკის ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოოტექნიკა იყოფა ორ, ზოგად და კერძო ნაწილებად.
ზოგადი ზოოტექნიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეისწავლის ყველა სახეობის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის მოშენების, გამრავლების კვების, ჰიგიენის, შენახვისა და გამოყენების საკითხებს მათი ბიოლოგიური და სამეურნეო გამოკვლევის საფუძველზე და შეიმუშავებს საერთო კანონზომიერებებს.
თავისმხრივ, ზოგადი ზოოტექნიკა იყოფა სამ ნაწილად. მომშენებლობა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სრულყოფისა და რაოდენობრივი ზრდის საკითხებს, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვება სწავლობს ცხოველთა ნორმირებული კვების მეთოდებს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა შენახვა სწავლობს ამავე ცხოველთა შენახვის ხერხებს (ბაგური, ჯგუფური, დაუბმელი და სხვ.).
კერძო ზოოტექნიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეისწავლის იმავე პრობლემებს სხვადასხვა სახეობის თავისებურებების გათვალისწინებით, ადგენს მათი რაციონალური წარმოების ტექნოლოგიას კონკრეტულ ბუნებრივ-კლიმაურ პირობებთან დაკავშირებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტიკური ხანის მწერლების ნაშრომებში გვხვდება ზოოტექნიკის განზოგადებანი ცხოველთა გადარჩევის, კონსტიტუციის, კვების და სხვა საკითხებზე. XVIII საუკუნეში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვების ნორმების დადგენის ცდები, საშენე მუშაობის სრულყოფა. XIX საუკუნეში ზოოტექნიკის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს ინგლისელმა ჩარლზ დარვინმა და გერმანელმა მეცნიერებმა — გ. ნატუზიუსმა და გ. ზეტეგასტმა, XX საუკუნეში გერმანელმა კ. კრონახერმა, შვეიცარიელმა უ. დიურსტმა და სხვ.
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ცხოველთა მოვლა-მოშენების კულტურა ძველთაგანვე მაღალ დონეზე იყო, რასაც მოწმობს ქართველი ტომების მიერ გამოყვანილი ჯიშები (ქართული მთის ძროხა, მეგრული თხა, კახური ღორი, თუშური და მეგრული ცხენი, თიანეთური ინდაური, სამტერედიული ქათამი, ქართული ფუტკარი და სხვ.). კარაბადინებში მოცემულია ცხოველთა ექსტერიერული შეფასების, მოშენებისა და გამოყენების საკითხები, აგრეთვე რეკომენდაციები მეფრინველობის შესახებ. ვახუშტი ბატონიშვილმა (XVIII საუკუნე) დაადგინა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გავრცელების ფარგლები და აღწერა მათი შენახვის სისტემები ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად. XIX საუკუნის I ნახევარში, ძმებმა კვარაცხელიებმა გამოიყვანეს ძროხის მეგრული წითლი ჯიში. 1850 წელს შეიქმნა „კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება“, მის ბეჭდვით ორგანოებში ქვეყნდებოდა წერილები პირუტყვის ადგილობრივი და უცხოური ჯიშების სამეურნეო თვისებებისა და მეცხოველეობის გაძღოლის სისტემების გაუმჯობესების შესახებ.
ზოოტექნიკის დარგში თავდაპირველად სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა გაიშალა ილია ჯანდიერის, ნიკოლოზ იოსელიანის და დავით აგლაძის მიერ, თსუ-ში (1923), ცენტრალური ზოოლოგიის ტექნიკურ საცდელ სადგურში (1927), აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინარიული ინსტიტუტების სათანადო კათედრებზე. მოგვიანებით, კვლევები გაგრძელდა სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.
XXI საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ქვეყანაში ზოოტექნიკის განვითარების საკითხებზე ზრუნავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 384-385.