ზნოიმო
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ზნოიმო ჩეხ. Znojmo | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Derflice[1] , Kasárna[1] , Konice[1] , Mramotice[1] , Načeratice[1] , Oblekovice[1] , Popice[1] , Přímětice[1] და Znojmo | ||||
| კოორდინატები | 48°51′22″ ჩ. გ. 16°02′57″ ა. გ. / 48.85611° ჩ. გ. 16.04917° ა. გ. | ||||
| მმართველი | František Koudela[2] | ||||
| პირველი ხსენება | 1226 | ||||
| ფართობი | 65,90 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 290 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 34 172 (1 იანვარი, 2025)[3] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 669 02–671 82[4] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.znojmocity.cz | ||||
ზნოიმო (ჩეხ. Znojmo) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ზნოიმოს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ზნოიმო სამხრეთ-დასავლეთ მორავიის ისტორიული-კულტურული ცენტრი და სამხრეთ მორავიის მხარის სიდიდით მეორე ქალაქია. ზნოიმო და მისი შემოგარენი ცნობილია კიტრის წარმოებით, რომლის ტრადიციაც აქ 1571 წელს დაიწყო. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.
ზნოიმო 9 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, მის გარდა მის მუნიციპალიტეტში ერთიანდება: დერფლიცე, კასარნა, კონიცე, მრამოტიცე, ნაჩერატიცე, ობლეკოვიცე, პოპიცე და პრჟიმეტიცე.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სახელწოდების წარმოშობის ორი ვერსია არსებობს, ერთი ვერსიით ის ჩეხეთის სხვა ქალაქების მსგავსად პირადი სახელიდანაა წარმოებული. მეორე ვერსიით ძველი ჩეხური სიტყვა „znoj“-იდან მომდინარეობს, რაც სიცხეს, ცხელ ადგილს უნდა ნიშნავდეს.[5]




გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზნოიმო ქალაქ ბრნოდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 54 კილომეტრში მდებარეობს. ის ავსტრიის საზღვართან ახლოს არის გაშენებული. ქალაქის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი იევიშოვიცეს ზეგანზეა, მისი მცირე ნაწილი კი დიე-სვრატკას ხეობაში ვრცელდება. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 397 მეტრია ზღვის დონიდან. ზნოიმო ძირითადად განლაგებულია მდინარე დიეს მარცხენა ნაპირზე არსებულ კლდოვან რელიეფზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი პოდიის ეროვნული პარკის ფარგლებში მდებარეობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ადგილას დასახლება სავარაუდოდ უკვე არსებობდა დიდი მორავიის იმპერიის დროს IX საუკუნეში. ზნოიმოს მიდამოები პირველი ადგილი იყო მთელს მორავიაში, სადაც ქრისტიანობა გავრცელდა. 1029 წლიდან ზნოიმოს ტერიტორიაზე არსებული გორდი პრჟემისლების რეზიდენციას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. 1100 წლისთვის ადმინისტრაციული ცენტრი და რეზიდენცია ახლად აშენებულ ზნოიმოს ციხესიმაგრეში გადავიდა. მორავიის გრაფმა ლიტოლდ ზნოიმოელმა ციხესიმაგრის ტერიტორიაზე წმინდა ეკატერინეს როტუნდა ააგო.[6]
ზნოიმოს ციხე 1145 წელს ბოჰემიის ჰერცოგმა ვლადისლავ II-მ აიღო და დაანგრია. 1190 წელს ჰერცოგმა კონრად II-მ ზნოიმოში პრემონტსტრატენსიელთა ორდენის ლოუკას მონასტერი დააარსა.[7]
ზნოიმო წერილობით წყაროებში პირველად 1226 წელს იხსენიება. აქ ქალაქი 1226 წლამდე მცირე ხნით ადრე დააარსა ბოჰემიის მეფე ოტოკარ I-მა. ზნოიმოს ძლიერი გალავანი ჰქონდა და მორავიის ერთ-ერთ პირველ სამეფო ქალაქად ითვლებოდა.[8]
ზნოიმო ჰუსიტურ ომებს უვნებლად გადაურჩა, რადგან ჰუსიტებმა ქალაქის აღება ვერ შეძლეს და ბევრი სხვა ქალაქისგან განსხვავებით XV საუკუნის პირველ ნახევარშიც ყვაოდა. XV-XVI საუკუნეებში აგებული რენესანსის და გოტიკური სტილის სახლები ქალაქში დღემდეა შემორჩენილი. ამ პერიოდში ქალაქი ორეროვანი იყო და აქ ჩეხები და გერმანელები ცხოვრობდნენ. ზნოიმოს აყვავების ხანა ოცდაათწლიანი ომით დასრულდა. ამ ომის დროს ზნოიმო არაერთხელ დაიპყრეს და გაძარცვეს, მიყენებული ზარალის აღსადგენად ქალაქს 100 წელზე მეტი დრო დასჭირდა.[6]
1809 წლის 12 ივლისს, ცნაიმის ბრძოლის შემდეგ, ქალაქ ზნოიმოში ზავი დადეს იმპერატორმა ნაპოლეონმა და ავსტრიის იმპერიის ფელდმარშალმა კარლ ლუდვიგ ავსტრიელმა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ზნოიმო ახლად შექმნილი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა. შემდეგ იყო ნაცისტური გერმანიის ოკუპაცია 1938–1945 წლებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პრეზიდენტ ბენეშის ბრძანებულებებით ქალაქიდან გერმანელები გააძევეს.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ცნობილია თავისი ზნოიმოს ღვინის ფესტივალით, რომელიც ყოველი წლის სექტემბერში იმართება. ფესტივალის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ისტორიული აღლუმი, რომელიც ბოჰემიის მეფე იოჰან ბოჰემიელის 1327 წელს ზნოიმოში სტუმრობას ეძღვნება.[9]
ზნოიმოში აგრეთვე იმართება ყოველწლიური კიტრის ფესტივალი.[8][10]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა ნიკოლოზის გოტიკური ეკლესია და გვიანდელი გოტიკური სტილის მერიის კოშკი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობებია ზნოიმოში. ქალაქის პირველი ეკლესია დაახლოებით 1100 წელს დაარსდა და მის ადგილზე ახალი ეკლესიის მშენებლობა 1338 წელს დაიწყეს. ეკლესია XV საუკუნის ბოლომდე შენდებოდა.[11] ქალაქის მერიას 80 მეტრის სიმაღლის კოშკი აქვს, შენობა 1445–1448 წლებში აშენდა.[12]
მდინარე დიეს ხეობას გადაჰყურებს შუა საუკუნეების ზნოიმოს ციხესიმაგრე, რომელიც XI საუკუნეში პრჟემისლებმა დააარსეს.[13] ძველი ციხესიმაგრის ერთადერთი შემორჩენილი კვალი წმინდა ეკატერინეს რომანული სტილის როტონდაა, რომლის ინტერიერი XI საუკუნის ფრესკებითაა დაფარული. ფრესკებზე ბიბლიური სცენებია გამოსახული. როტონდას ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.[14]
ქალაქის ქვეშ გვირაბების უზარმაზარი ლაბირინთია, რომელსაც ზნოიმოს კატაკომბები ეწოდება. ეს სისტემა XIV-XV საუკუნეებში თავდაცვის მიზნით შეიქმნა და ჭებს, დრენაჟს, ბუხრებს, ხაფანგებს და ქალაქის გალავნის გარეთ გასასვლელებს მოიცავს.[15][16]
ზნოიმოს კატაკომბები მიწისქვეშა დერეფნებისა და სარდაფების უდიდესი სისტემაა ჩეხეთში, ისინი თითქმის 27 კმ სიგრძისაა და 4 განსხვავებულ დონეზეა ნაგები.[17]
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია XII საუკუნეში აშენდა. ის ქალაქის მეორე უმნიშვნელოვანესი ეკლესიაა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის შემდეგ.[18] ეკლესია პირველად 1226 წელს არის მოხსენიებული და 1508 წელს გოტიკურ სტილში სრულად აღადგინეს. იგი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად ითვლება.[19]
პრემონტსტრატენსიანული ლოუკას მონასტერი ზნოიმოს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაგებობაა. მონასტერი 1190 წელს დაარსდა, ამჟამინდელი მონასტრის შენობა 1748–1756 წლებში აშენდა და 1761–1778 წლებში აღადგინეს. არქიტექტურულად ის საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლია და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.[20]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიგიზმუნდ I ლუქსემბურგი (1368–1437) — ბოჰემიის მეფე. აქ გარდაიცვალა.
- პროკოპ დივიში (1698–1765) — გამომგონებელი, კათოლიკე მღვდელი; მსახურობდა აქ 1736–1741 წლებში
- კლემენტ მარი ჰოფბაუერი (1751–1820) — მღვდელი და წმინდანი.
- კარლ სილსფილდი (1793–1864) — გერმანულ-ამერიკელი მწერალი და იურისტი
- ჰუგო ლიდერერი (1871–1940) — მოქანდაკე
- ოტე ვალიში (1903–1977) — ისრაელელი გრაფიკული დიზაინერი
- ანა შპიცმიულერი (1903–2001) — ხელოვნების ისტორიკოსი და მუზეუმის კურატორი
- ედიტ კერნერი (1921–2000) — ბრიტანელი მაგისტრატი
- ფრანც ვოიდიხი (1921–2004) — გერმანელი მებრძოლი მფრინავი
- პეტრ როსოლი (დაბ. 1964) — ჰოკეისტი
- იტკა შნაიდეროვა (დაბ. 1973) — მსახიობი
- კვეტოსლავ სვობოდა (დაბ. 1982) — მოცურავე
- მიხალ ორდოში (დაბ. 1983) — ფეხბურთელი
- ირჟი ორსაგი (დაბ. 1989) — ძალოსანი
- ანდრეა სტაშკოვა (დაბ. 2000) — ფეხბურთელი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Deník — Vltava Labe Media, 2024.
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- ↑ Historický původ názvu města Znojmo cs. Ptejte se knihovny. National Library of the Czech Republic. ციტირების თარიღი: 2023-06-01
- ↑ 6.0 6.1 Úvodní informace o Znojmě cs. Město Znojmo. ციტირების თარიღი: 2025-08-12
- ↑ Klášter cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-06-01
- ↑ 8.0 8.1 Interesting facts. Město Znojmo. ციტირების თარიღი: 2025-08-12
- ↑ History of the Grape Harvest. ციტირების თარიღი: 2021-08-05
- ↑ Slavnosti okurek ve Znojmě 2022 cs. Czech Tourism. ციტირების თარიღი: 2021-11-08
- ↑ Kostel sv. Mikuláše cs. Město Znojmo. ციტირების თარიღი: 2025-09-27
- ↑ Town-hall tower. Znojemská Beseda. ციტირების თარიღი: 2022-01-09
- ↑ Znojmo Castle. Znojemská Beseda. ციტირების თარიღი: 2017-01-24
- ↑ The Ducal Rotunda of the Virgin Mary and St Catherine. Znojemská Beseda. ციტირების თარიღი: 2017-01-24
- ↑ Underground in Znojmo - Top Výletní cíle jižní Morava. ციტირების თარიღი: 2017-01-24
- ↑ Underground. Znojemská Beseda. ციტირების თარიღი: 2025-08-12
- ↑ Tip for a Trip: Znojmo (2020-07-28). ციტირების თარიღი: 2020-10-01
- ↑ Chrám sv. Michala cs. Město Znojmo. ციტირების თარიღი: 2025-09-27
- ↑ Kostel sv. Michala cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2022-01-09
- ↑ Kostel Nanebevzetí Panny Marie a sv. Václava cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-06-30
- ↑ Partnerská města cs. Město Znojmo. ციტირების თარიღი: 2025-08-12