ზირბითის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზირბითის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზირბითში. აგებულია VIII-X საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. ფასადების ნაწილი კარგად გათლილი კვადრებით იყო დაფარული. შესასვლელი სამხრეთიდან, კედლის შუაში აქვს. კარი გარედან სწორკუთხაა დიდი არქიტრავის ქვით დასრულებული, შიგნიდან კი თაღოვანია. არქიტრავზე კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია გამოსახული, რომლის მარცხნივ მხედარია გამოსახული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის სამხრეთ ნაწილში თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვეშ ქვის ტრაპეზია. ტრაპეზის წინა მხარეს დადაბლებულ არეში წრეებით მოჩარჩოებული ჯვარია მოცემული. აფსიდა დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი, რომელიც კაპიტელებითაა დასრულებული. კაპიტელები რელიეფური ორნამენტითაა დაფარული.

გრძივი კედლების შუაში ნახევარწრიული კამარის საბჯენი შეკიდული თარის საბჯენი რელიეფური კრონშტეინებია ჩასმული. ტაძრის აღმოსავლეთი სარკმლის თავსართი რელიეფითაა შემკული - გამოსახულია გოლგოთის სამი ჯვარი, რომელთაგან ქრისტეს ჯვარი აყვავებულია. სამხრეთის მინაშენი გალერეა ყოფილა. სამხრეთით ორმაიანი თაღით გახსნილი. თაღების საბჯენი სვეტის თავი ერთიან ქვაშია გამოკვეთილი და შემკულია რელიეფით. მინაშენის კამაროვანი გადახურვა სამხრეთი კედლის შვერილს ებჯინებოდა. ტაძარი შემკული ყოფილა სხვადასხვა სახის რელიეფით. კედელში უნდა ყოფილიყო ჩართული ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობლის ყრმით რელიეფური გამოსახულებაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7087