ზიგანას ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზიგანას ციხე — ციხე თურქეთში, სოფელ ზიგანა ქოიდან დასავლეთით 700 მეტრში.

შიდა რაიონებში გამაგრების საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეკავა ზიგანას უღელტეხილზე განლაგებულ საგზაო სადგომს, უფრო ციხეს. გამორიცხული არაა ის სტრაბონთან და სტეფანე ბიზანტიელთან მოხსენებული „ZugopoliV“-ი იყოს. საფორტიფიკაციო ნაგებობა აკონტროლებდა მისივე სახელობის უღელტეხილს და ყველა იმ გზას რომელიც აქ გადიოდა. ამ უღელტეხილით დეღირმენდერედან ხარშიტის ხეობაშიც არის გადასასვლელი, მაგრამ, ბუნებრივია, უშუალოდ ციხემდე აქ სასიგნალო ციხე-კოშკების მთელი წყებაა. ზიგანას ციხე სოფელ ზიგანა ქოიდან დასავლეთით 700 მეტრში, მაღლივ კლდეზეა დაშენებული. აქედან კარგად ჩანს სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობები. იგი პირდაპირ გასცქერის სამხრეთით თორულის ციხეს. 1404 წელს აქ შესულა კლავიხო, რომელიც საუბრობს ხის ასაზიდ კიბეზე, რომლის გარეშეც ციხეში შეღწევა შეუძლებელი იყო. ციხის ნანგრევებზე საუბრობს კიუმონიც. დღევანდელ დღეს შემორჩენილია ცუდად ნაგები ბასტიონი კლდის სამხრეთით. აქ დაცული კედლების სიმაღლე 3,5 მეტრს აღწევს. კედლებში უხვადაა გამოყენებული კირხსნარი და დაუმუშავებელი ქვები. მისი არქიტექტურა შუა საუკუნეებისაა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობა ამ რეგიონის მკვლევარებს აქ საფორტიფიკაციო ნაგებობის არსებობას ანტიკური ხანიდან აფიქრებინებს. ზიგანას მნიშვნელობა არა მარტო საფორტიფიკაციო, არამედ სხვა ტიპის ნაგებობებიდანაც იკვეთება. მაგალითად აქ გვხვდება ქარავან-სარაი, რომელიც, სხვათა შორის, მეჰმედ II მიერ ამ რეგიონის დაპყრობიდანვე ადრე ხანში, მე-15 მე-16 საუკუნეების მიჯნაზე ააგეს. აქვეა მოსასვენებელი სახლი, ხანი. ყველაფერი ეს მიგვანიშნებს, რომ ამ რეგიონში გამავალი სავაჭრო გზას სტრატეგიული ეკონომიკური დანიშნულება ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 26-27 ISBN 978-9941-0-6458-6.