ზვიადისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზვიადისტები1991-1993 წლების საქართველოს სამოქალაქო ომში ჩამოგდებული ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას მომხრეთა არაფორმალური სახელი.

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩამოგდებულ იქნა სისხლიანი გადატრიალებით, რის გამოც 1991 წლის 20 დეკემბერსა და 1992 წლის 6 იანვარსა შორის თბილისის ცენტრი თითქმის მთლიანად განადგურდა. მისმა მომხრეებმა, ე.წ. ზვიადისტებმა მასიური დემონსტრაციები მოაწყვეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადატრიალების შემდეგ მოსული მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ყოფილი კომუნისტი ლიდერი ედუარდ შევარდნაძე ედგა. ზვიადისტების მიერ შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფებები ხელს უშლიდნენ სამთავრობო ჯარებს სამეგრელოს გაკონტროლებაში. შეტაკებები პრო- და ანტიგამსახურდიას ძალებს შორის გრძელდებოდა 1992-1993 წლების განმავლობაში და სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა 1993 წლის სექტემბერში გამსახურდიას დასავლეთ საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ზვიადისტი აჯანყებულები საბოლოოდ დამარცხებულ იყვნენ, ხოლო გამსახურდიამ 1993 წლის დეკემბრის ბოლოს სავარაუდოდ თავი მოიკლა (ეს ფაქტი დღემდე სადაოა).

გამსახურდიას სხეული აღმოაჩინეს და მისი გარდაცვალება დაადასტურეს 1994 წლის 15 თებერვალს.

გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ მის მომხრეებს ერთიანი პარტია არასდროს შეუქმნიათ, ნაცვლად ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და სოციალურ მოძრაობებს შეუერთდნენ. ზოგიერთი მათგანი კვლავაც აგრძელებდა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას.

1998 წლის ოქტომბერში ზვიადისტმა ოფიცრებმა მოაწყვეს ბუნტი ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დასამხობად. ამბოხება გადაიზარდა სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში. მისი ხელმძვანელების უმრავლესობა დააკავეს, ხოლო ამბოხების მთავარი სულისჩამდგმელი აკაკი ელიავა მძევლების გათავისუფლების მიზნით მოწყობილი სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ზვიადისტები გაერთიანდნენ და ქვეყნის სათავეში მოსვლა სცადეს.