ზველის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზველის წმინდა გიორგის ეკლესია
ზველის წმინდა გიორგის ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°34′50″ ჩ. გ. 43°08′59″ ა. გ. / 41.5807306° ჩ. გ. 43.1498389° ა. გ. / 41.5807306; 43.1498389
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ზველის (ძველის) წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ორნავიანი ეკლესია, მდებარეობს სოფელ ძველის ცენტრში ძველ სასაფლაოზე. ეკლესია აღმართულია სადა, მშრალი წყობის გალავნით შემოსაზღვრულ ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესიის გარშემო მრავლადაა საფლავის ქვები და ვერძები.

არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთსაფეხუროვან ცოკოლზე დაფუძნებული ეკლესია, სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის, თბილი ტონალობის ერთმანეთთან კარგად მორგებული ქვებით არის ამოყვანილი. ფასადები შემოსაზღვრულია დიდი ზომის კბილანებად დაწყობილი კვადრებით, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითოეული ფასადი ფართო ჩარჩოშია ჩასმული და დამოუკიდებლად აღიქმება. მკაფიო და ფართო მოჩარჩოება ცოცხალ საფასადო სიბრტყეს ილუზორულად ამცირებს.

ეკლესია გეგმით წარმოადგენს ორნავიან კომპოზიციას, რომელიც შედგება მაღალი და განიერი მთავარი, და დაბალი და ვიწრო სამხრეთის ნავებისაგან. ეს ორივე მოცულობა დასავლეთის მინაშენით არის გაერთიანებული. სამივე ნაწილი ერთმანეთთან სხვადასხვა ზომის თაღებით არის დაკავშირებული.

მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით სრულდება. მის ცენტრში ტრაპეზის ქვაა დასვენებული. მოგვიანებით ეკლესიის საკურთხეველს სოლეა ჩაუშენეს, რომელიც ამ ნავის ისედაც მცირე მოცულობის ნახევრამდე აღწევს, ვიზუალურად ზრდის საკურთხევლის სივრცეს და ბემის არსებობის შეგრძნებას იწვევს.

უფასადო, ძალიან ვიწრო და დაბალი სამხრეთი ნავი დერეფნის შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორედ აქ არის გაჭრილი ეკლესიაში შესასვლელი ერთადერთი კარი. ნავების გამაერთიენებელი დასავლეთი მინაშენი სიმაღლეშიაც და სიგანეშიც აღემატება სამხრეთისას.

ეკლესია განათებულია სხვადასხვა დონეზე განთავსებული განსხვავებული ზომის სარკმლებით.

ამ ძალიან მცირე ფართობში, თაღების სიმრავლე და ინტერიერის დანაწევრება ქმნის ბევრი კომპარტიმენტის არსებობის ილუზიას. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს სივრცის შეზღუდულობისა და სიმცირის შეგრძნებაც. ყურადღების კონცენტრაცია მთავარ ნავში ხდება, რაც განპირობებულია როგორც სამხრეთი ნავის სივიწროვით, ასევე მთავარი ნავის შედარებით ძლიერი განათებით. ვიწრო და უაფსიდო სამხრეთი ნავი შესასველელის ფუნქციის მატარებელია და მთავარი ნავის დანამათ სივრცით მოცულობას წარმოადგენს. უფრო ღრმა სივრცითი უბე იქმნება თაღით გახსნილ დასავლეთ მინაშენში.

რთული და უჩვეულო გეგმარების მქონე ზველის ეკლესიის შიდა დანაწევრება მკაფიოდ იკითხება მის გარე მასებში. სამივე მოცულობა განსხვავებული ზომისაა და დამოკიდებულებლად არის გადახურული.

ყველაზე მიმზიდველია კლასიკურად სადა და მკაცრი, ატყორცნილი პროპორციების მქონე აღმოსავლეთი ფასადი, რომლის ერთადერთი დეკორატიული აქცენტს საკურთხევლის სარკმლის თავსართი ქვა წარმოადგენს. ამ ფასადს ენაცვლება ყრუ, ყოველგვარი დანაწევრებას მოკლებული ჩრდილოეთის ფასადი, ხოლო დასავლეთის, რომელზეც არსებული განიერი მინაშენი მთავარი ნავის სიმაღლის 3/4 იკავებს, არღვევს ნავთა ჰარმონიულ შეფერადებას, რის გამოც ეს ფასადი უფრო დამჯდარ და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველაზე ცოცხალი, და დინამიური სამხრეთი ფასადია, სადაც თავს იყრის სხვადასხვა დონეზე გაჭრილ სარკმელთა ყველაზე მეტი რაოდენობა, ცენტრალურ ღერძს აცდენილი, ეკლესიაში შესასვლელი ერთადერთი კარი და ორ სიბრტყედ განვითარებული, განსხვავებული ზომის მოცულობათა მონაცვლეობა.

ძველის ეკლესია ადგილობრივი სალოცავია. ცენტრს მოცილებული სოფელი და ეკლესიის მოკრძალებული ზომები, შეუმჩნეველს ხდიდა მას ბევრი მოგზაურისა და მკვლევარისათვის, თუმცა იგი გამორჩეულია, როგორც თავისი არაორდინალური გეგმარებითი სტრუქტურით, ასევე X საუკუნის I ნახევრის ნიმუშებისათვის დამახასაიათებელი სივრცით-კომპოზიციური გადაწყვეტით, არათანაბარი, მაგრამ გააზრებული განათებით, ასევე მასათა ცოცხალი, დინამიური ერთიანობით. რაც მთავარია, მას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი არქიტექტურული ტიპის ეკლესიის განვითარების ისტორიაში, როგორიცაა სადღეისოდ ნაკლებად ცნობილი ტიპი — ორნავიანი ეკლესიისა.

ეკლესია 1944-1945 წლებში აზომილი იყო არქიტექტორ-რესტავრატორების რუსუდან გვერდწითელისა და ციალა გაბაშვილის მიერ. მათვე ეკუთვნის მოსაზრება მისი X საუკუნეში აგების შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. ელიზბარაშვილი, „ზველის (ძველის) წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 484-487