ზესოფელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზესოფელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი
თემი ზვარე
კოორდინატები 41°37′14″ ჩ. გ. 41°57′44″ ა. გ. / 41.620611° ჩ. გ. 41.962389° ა. გ. / 41.620611; 41.962389
ცენტრის სიმაღლე 480
მოსახლეობა 205[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 425
საფოსტო ინდექსი 6102
ზესოფელი — საქართველო
ზესოფელი
ზესოფელი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ზესოფელი
ჩანჩქერი, ზესოფელი, აჭარა
წმინდა გიორგის ეკლესია, ზესოფელი, აჭარა
ზესოფელი, ხედი ბეთლემის მთაზე
ზესოფელი, სერაფიმე საროველის სახელობის ბერიძეების საგვარეულო ეკლესია და ლაზური სახლი

ზესოფელისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, ზვარის თემში (სოფლები: ზვარე, ვაიო, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები).[2] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 480 სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 7 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 კაცი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზესოფელი წარმოადგენს აჭარის ერთ-ერთ უძველეს სოფელს. ზესოფელი მოხსენიებულია სულთან სელიმ II-ის (1566-1574 წწ.) დროს შედგენილი „ზემო აჭარის ლივის დიდი დავთარში[3]. XVI საუკუნის 60-იან წლებში, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებთან ერთად, ოსმალებმა მდინარე აჭარისწყლის ხეობაც დაიპყრეს და აქ საკუთარი ხელისუფლების დამყარებას შეეცადნენ. აღნიშნული ტერიტორია ოსმალეთის იმპერიაში აჭარის სანჯაყის სახით იქნა გაერთიანებული[4]

სულთან სელიმ II-ის (1566-1574 წწ.) დროს შედგენილი „ზემო აჭარის ლივის დიდი დავთარი“ (შემდეგ — უბრალოდ „დავთარი“) ოსმალთა მიერ აჭარის აღწერის პირველ დოკუმენტს წარმოადგენს. იგი მოიცავს როგორც ზემო, ისე ქვემო აჭარას. „დავთარში“ ზემო და ქვემო აჭარა ცალკეულ ნაჰიეებად არის დაყოფილი[5].

აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილია სოფელი ზედსოფელი (დღევანდელი ზესოფელი) — 11 კომლი. დავთარში მოცემული თერთმეტი კომლი ატარებს ბერიძის გვარს, ანუ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ბერიძეები წარმოადგენენ 1565 წლისათვის. თუმცა სოფელში მცხოვრები ბერიძეები საკუთარ არსებობას და ზესოფელში დამკვირდებას უფრო ადრეულ საუკუნეებს, თამარის მეფობას უკავშირებენ, რაც ასევე დასტურდება ზეპირსიტყვიერი გადმოცემებით და მატერიალურ კულტური ძეგლებით (ეს ვარაუდი შეიძლება გამტკიცდეს ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ - რომლის მიხედვით ბერიძეთა ფეოდალური საგვარეულო მოხსენიებული აქვს XII საუკუნის მეორე ნახევარში ადრინდელ მთავრებში, ვახუშტის ცნობით ტაო-კლარჯეთიდან (ზარზმიდან) წამოსულ ბერიძეებს (IX-X სს) ერთიანი საქართველოს მეფეების, ბაგრატიონთა სამეფო სახლის აზნაურობა ებოძათ XII საუკუნის მეორე ნახევარში[6] კონკრეტულად ბერიძეთა თავადური გვარის განსახლების ადგილი ყოფილა სამცხე-ჯავახეთი და გურია).

ზესოფელი შესწავლილი ჰქონდათ თედო სახოკიას, დიმიტრი ბაქრაძის, ზაქარია ჭიჭინაძეს.[7] კერძოდ XIX საუკუნის დამდეგისათვის, როდესაც თედო სახოკიამ, დიმიტრი ბაქრაძემ და ზაქარია ჭიჭინაძემ იმოგზაურეს მუსლიმანურ საქართველოში ხვდებით ზესოფელს 40 კომლით, სადაც ასევე მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ ბერიძეები. აჭარის თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლების შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის მიერ ქალაქ ბათუმში 1901 წელს შეიქმნა თავადაზნაურთა წოდებების აღიარების კომიტეტი. თავადაზნაურთა წოდებების აღიარების კომიტეტში აჭარაში არსებული სოფლებიდან შესული განაცხადებიდან 4 განაცხადი ეკუთვნის ზესოფელში მცხოვრებ ბერიძეებს, რომლებიც აღის (აზნაურის) და ბეგის (თავადის) სტატუსს ატარებდნენ, ფლობდნენ სამემკვიდრეო მამულებს, გააჩნდათ ნათესაური ურთიერთობები აჭარის სხვა წარჩინებულ გვარებთან, ხიმშიაშვილებთან, შერვაშიძეებთან, ბეჟანიძეებთან, თავდგირიძეებთან, დიასამიძეებთან.

ზესოფელზე სამეცნიერო გამოკვლევა ეკუთვნის იური სიხარულიძეს ნაშრომში — „სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა“, სადაც ზესოფელს აიგივებს ზემოსოფელთან, რაც შემაღლებულ ადგილს ნიშნავს.[8] პროფესორი ასევე მიანიშნებს სოფლის განსხვავებულობას ქვემო აჭარის სხვა სოფლებთან მიმართებაში. კერძოდ, სოფლის დღევანდელ ტერიტორიაზე პროფესორი სიხარულიძე მიუთითებს „ნასაყრდრისის ტერიტორიას“ და „ზედაშენს“, სადაც ხდებოდა (საყდარში) ქრისტიანული ღვთისმსახურება, ხოლო „ზედაშენში“ საეკლესიო ღვინის დაწურვა. პროფესორი სიხარულიძე ამ კუთხით გამოყოფს „ზე“-ს მნიშვნელობას, და მიუთითებს მის უზენაესობას, სულიერ სიმაღლეს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 242[9][10]
2014 205[1]

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ ზესოფლის თავზე არის XII საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე, რომელსაც სხვადასხვა სახელს უწოდებენ ადგილობრივები. გავრცელებულ სახელთაგან გამოსარჩევია „თამარის ციხე“, „ქილისა“, „ბერიძეების ციხე“, თუმცა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ციხე-სიმაგრე თამარის მეფობის ხანაშია აშენებული ეჭვს არ იწვევს. ციხე დაშენებულია სოფლის თავში მდებარე წრიული ფორმის წოწოლა კლდის თავზე. იგი ცენტრალური სამანქანე გზიდან 6-7 კილომეტრითაა დაშორებული.

ციხე საკმაოდ დიდი ზომისაა და მიუვალი. ოთხივე მხრივ ფრიალო კლდებითაა შემოსაზღვრული და აკონტროლებს მთლიანად აჭარის წყლის ხეობას. გადმოცემით ეს ციხე-სიმაგრე აჭარის წყლის ხეობის დაცვის უმსხვილესი რგოლი იყო. შესწავლილია არქეოლოგიურად მისი აგებულება და მეცნიერები[11] მის სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე მიუთითებენ. გადმოცემის თანახმად მას საგუშაგო ფუნქცია ჰქონდა, მტრის მოახლოების დროს იქ ცეცხლს ანთებდნენ და ამით მოკავშირეებს ატყობინებდნენ. ზესოფელში არსებული ციხე-სიმაგრე აჭარის სხვა ციხესიმაგრეებთან: ხიხანის, ვაკიჯვარის, დანდალოს და ცივასულას ციხეებთან ერთად წარმოადგენდა ხეობის ერთიანი დაცვის ბურჯს. საზოგადოებრივი მნიშვნელობის მხრივ, ციხე-სიმაგრის თავზე არსებობდა ეკლესია, რაც თურქებმა დააქციეს. მაშინ როდესაც მტერი მოახლოვდებოდა ახალგაზრდების და მოხუცების გახიზვნა ხდებოდა ციხესიმაგრეში. ასევე ხშირი ყოფილა ციხესიმაგრეში ფარულად მონათვლის ფაქტები აჭარაში თურქთა ბატონობის დროს.

ციხეს დასავლეთიდან ერთადერთი ვიწრო კლდოვანი მისასვლელი აქვს. ციხის ფართობი 70-80 მ²-ია. აქ მხოლოდ ერთი 14 მ² ნაგებობაა შემონახული, რომელსაც შესასვლელი სამხრეთი მხრიდან აქვს. შესასვლელის სიგანე 0,95 მ-ია, სიმაღლე — 1,15 მ. შესასვლელის ღრიჭო 1,05 მ სიმაღლეზეა დატანებული. ზღუდარის ლოდის ზომებია 3,10х0,18 სმ. ზღუდარს ქვემოდან კარგად ემჩნევა საურდულე ფოსო. ყველაზე საინტერესოა დასავლეთის კედელი, რომელშიც დატანებულია სამი ლამაზად გამოკვეთილი სათოფური. მათგან ორი გარედან 1,10 მ სიმაღლეზე მდებარეობს, ხოლო მესამე 2,30 მ სიმაღლეზე.

კოშკი უდავოდ სართულებიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი დაზიანების გამო, ამის საბუთის მიკვლევა არ ხერხდება. ციხის ტერიტორიაზე სხვა რამ ნაგებობების კვალი არ შეიმჩნევა. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის ხსნარზე. შეინიშნება უსწორმასწორო წყობა. ეს ქვები აქვე მახლობლადაა მოპოვებული. რაც შეეხება წყლის საკითხს, ეტყობა, მახლობელ წყაროებს იყენებდნენ. აქ შესანიშნავი წყაროებია სასვინტრიაში, ცივწყაროში, წუმპიაში. წყლის შესანახხად უნდა ჰქონოდათ წყალსაცავი, რომლის მიგნება ვერ მოხერხდა.

ზესოფლის ციხე მარჯვე ადგილას მდებარეობს. აქედან მხედველობის არეში ექცევა ვრცელი ტერიტორია. ერთის მხრით დანდალომდე, ხოლო მეორეს მხრით შავშეთის ქედამდე და აჭარის წლის გამოღმა ზენდიდის სერამდე. იგი ეტყობა ამ ტერიტორიის საბატონოდ იყო აშენებული.

მშენებლობის ტექნიკით (ფლეთილიქვების არასწორი წყობით, სათოფურებით) და შემონახული ცნობების საფუძველზე იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

აღსანიშნავია ასევე ის, რომ 1575-1756 წლებში ამ ციხეში ყოფილან შეხიზნულნი სამცხის ათაბაგი ყვარყვარე IV და მისი დედა დედისიმედი.

გამოსარჩევია ასევე „კორნალის სამარხები“[12], რომელიც არსებობს სოფელ ზესოფელის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ისინი გამოქვაბულის ტიპის ადგილებია და მასში სხვადასხვა დროს, უხსოვარი დროიდან ყაჩაღები იმალებოდნენ. ისტორიკოსთა ვარაუდით, „კორნალის სამარხები“ ჯერ კიდევ შუასაუკუნეებამდე არის შექმნილი ბუნებრივი კატაკლიზმების მიერ.

აღსანიშნავია აგრეთვე, სოფლის ტერიტორიაზე არსებული „ბეთლემის“ ბერთა სავანე, სადაც უძველესი დროიდან ხდებოდა მართლმადიდებლური ღვთისმსახურებულება, ბერ-მონაზვნური ცხოვრება, განდეგილთა აღსაყდრება, ბერად აღკვეცა. ოსმალთა მიერ აჭარის დაპყრობის შემდეგ „ბეთლემის“ ბერთა სავანე აოხრებულ იქნა, ხოლო იქ სამონასტრო ცხოვრება შეწყდა. ზეპირსიტყვიერი გადმოცემებით, ბეთლემში გადარჩენილა ორი ძმა გვარად ბერიძე, რომელთა შთამომავლობას წარმოადგენს სოფლის შემდგომი მოსახლეობა — ბერიძეები. ეს ორი ძმა აკონტროლებდა სოფლის დასაწყისში ზვარის ციხეს და სოფლის სათავეში არსებულ თამარის ციხეს.[13]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  3. ზაზა შაშიკაძე. ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი XVI საუკუნის აჭარის ისტორიისათვის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. კრებული III. ბათუმი. 2002.
  4. ზაზა შაშიკაძე. ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი XVI საუკუნის აჭარის ისტორიისათვის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. კრებული III. ბათუმი. 2002.
  5. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“. თურქული ტექსტი გამოსცა, თარგმანი, გამოკვლევა და კომენტარიები დაურთო სერგი ჯიქიამ. I. ტექსტი. თბ. 1947.
  6. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრების IV ტომი, თავი - „ძველთა მთავართა გვართათვის“
  7. თედო სახოკია. მოგზაურობანი. ბათუმი. 1958.
  8. ი. სიხარულიძე, სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი I
  9. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-30.
  10. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  11. შოთა მამულაძე. აჭარისწყლის ხეობის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები. ბათუმი. 1993
  12. შოთა მამულაძე., „აჭარისწყლის ხეობის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები“ ბათუმი. 1993
  13. მირიანაშვილი, გ. ბეთლემის საიდუმლოების ნაკვალევზე / გ. მირიანაშვილი // დარიალი. - ყაზბეგი, 1966. - 1, 4, 11, 13 ო